ივანიშვილის რეჟიმის ახალი საკანონმდებლო ინიციატივით ნებისმიერი მოქალაქის სამართლებრივი დევნისთვის იქმნება საფუძველი - ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
სამადაშვილი ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომლითაც გრანტის განმარტება დაზუსტდება, დაწესდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, ასევე, სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდება გარე ლობიზმი.
"ივანიშვილის რეჟიმის ახალი საკანონმდებლო ინიციატივით ნებისმიერი მოქალაქის სამართლებრივი დევნისთვის იქმნება საფუძველი. ყველასთვის, ვინც ერთ თეთრს მაინც იღებს უცხოეთიდან, თუნდაც საკუთარი ოჯახის წევრისგან.
სოფლის ბირჟაზე დგას კაცი, უცხოეთიდან ემიგრანტის გადმორიცხულ ფულზე არსებობს და მაგალითად, საკუთარ აზრს გამოხატავს პოლიტიკაზე. შეიძლება მიადგეს პროკურატურა ახალი კანონით? რატომ არა? დაფინანსებას იღებს უცხოეთიდან და საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებს.
ავტოკრატიული იდიოტიზმის აბსურდულობის ახალ ფაზაზე გადავიდნენ, ფასების დარეგულირების საქმე, ეტყობა, ვერ მიდის რაღაც კარგად", - წერს სალომე სამადაშვილი.