ზურაბ ხარატიშვილს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილება დღეიდან ოფიციალურად შეუწყდება.
ხარატიშვილისთვის ცესკო-ს თამჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტთან კონსულტაციები და საარჩევნო ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელის არჩევნები უნდა გაიმართოს.
ცესკო-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალ ხელმძღვანელად პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი კანდიდატურებიდან არჩევანი ცესკო-ში კოალიცია "ქართული ოცნების" მიერ დანიშნულმა წევრებმა უნდა გააკეთონ. მათივე ინფორმაციით, საარჩევნო ადმინისტრაციაში 6 ასეთი წევრია, რომელთაგან, ცესკო-ს ახალი ხელმძღვანელის კანდიდატურას მხარი მინიმუმ 4-მა უნდა დაუჭიროს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალი ხელმძრვანელის შერჩევის პროცესთან დაკავშირებით კომენტარი საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმაც გააკეთა და განმარტა, რომ იგი სრულად უჭერს მხარს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შერჩეულ კანდიდატურას.
"არასამთავრობოები ვისაც წარმოადგენენ, იმას წარვადგენ პარლამენტში კანონის შესაბამისად. არასამთავრობოებს მივეცი სრული კარდბლანში, რომ ნებიმიერი ცნობილი ორგანიზაციის ხელმძღვანელი დაესახელებინათ ან ერთად დამსხდარიყვნენ და ერთად შეერჩიათ ვინმე სხვა. მე რამდენადაც ვიცი, შეარჩიეს კანდიდატი. მთავარია, რომ ეს კანდიდატი იყოს კრიტიკულად განწყობილი, რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ ინტერესზე არ იყოს მიბმული და საქართველოში ყველა შემდგომმა არჩევნებმა აქამდე არსებული ტენდენცია გააგრძელოს. ყველა შემდგომ არჩევნებზე იყო უფრო მეტი ნდობა, ვიდრე მის წინამორბედზე, ეს ტენდენცია ნამდვილად იყო საქართველოში,"- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა ცესკო-ს თავმჯდომარის პოსტზე 3 გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი - კახა კოჟორიძე, ეკა გიგაური და ნინო ლომჯარია წარადგინა, თუმცა სამივე მათგანმა შეთავაზებაზე უარი თქვა, რადგან საქართველოში საარჩევნო საკითხებზე მომუშავე 11-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ ცესკო-ს თავმჯდომარის პოსტზე ერთი საერთო კანდიდატი - გაეროს განვითარების პროგრამის საარჩევნო პროექტების ხელმძღვანელი თამარ ჟვანია დაასახელა.