სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა ბაზაში ინდმეწარმეები და მილიონ ლარიანი წლიური ბრუნვის მქონე პირი აღმოჩნდნენ.
როგორც სოციალური უზრუნველყოფის სააგენტოს ხელმძღვანელმა ნოე ქინქლაძემ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა, საარსებო შემწეობის მიმღები 1 300 ოჯახის 1 402 წევრი სამეწარმეო საქმიანობას ეწეოდნენ და მათი წლიური ბრუნვის მაჩვენებელი სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირისთვის კანონით დადგენილ მინიმუმს აღემატებოდა.
"400 ოჯახი ინდმეწარმე აღმოჩნდა, რომელთაც ძალიან დიდი ბრუნვები აქვთ. ერთი ინდმეწარმის წლიური ბრუნვა 1 მილიონ ლარზე მეტს შეადგენდა. აღნიშნული მეწარმეები ამავდროულად ჩვენს სოციალურად დაუცველთა ბაზაში იყვნენ და მათ 2012 წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების სახით 1 მილიონ ლარზე მეტი მიიღეს. სოციალური მომსახურების სააგენტო და შემოსავლების სამსახური თანამშრომლობას აგრძელებენ და უახლოეს მომავალში დამატებითი ინფორმაცია გახდება ცნობილი,"- განაცხადა ნოე ქინქლაძემ.
აღნიშნულ დარღვევებში გამოვლენილ ოჯახებს მიმდინარე თვიდან სოციალურად დაუცველის სტატუსი და საარსებო მინიმუმის გაცემა შეუჩერდებათ. უახლოეს პერიოდში კი, ქვეყნის მასშტაბით სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ხელახალი გადამოწმება მოხდება.