აჭარის დასაქმების სააგენტოში რეგისტრირებულ დასაქმების მსურველთა რაოდენობა იზრდება. დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია რეგიონში ამ დროისათვის ნებაყოფლობითია, თუმცა ნოემბრიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო აღწერა დაიწყება, რათა უმუშევრობისა და ზოგადად დასაქმების პერსპექტივებზე საბოლოო სტატისტიკა დაიდოს. როგორ მუშაობს აჭარის დასაქმების სააგენტო და რა პროფესიას ითხოვს კერძო სექტორი, აღნიშნულ თემებზე „ჯი-ეიჩ-ენს" აჭარის დასაქმების სააგენტო ხელმძღვანელი კობა ნაკაიძე ესაუბრა.
- ბატონო კობა რა მდგომარეობაა დასაქმების კუთხით აჭარაში, როგორია სააგენტოს მიმართ მომართვიანობის სტატისტიკა?
- სსიპ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების უწყება, რეალურად 2011 წლის ოქტომბერში შეიქმნა და 3 თვის განმავლობაში: ოქტომბერში, ნოემბერსა და დეკემბერში სააგენტოში 465 ადამიანი იყო რეგისტრირებული და მათგან 105 ადამიანი დასაქმდა. რაც შეეხება 2012 წელს, წლის განმავლობაში აჭარის დასაქმების სააგენტოში 9674 სამუშაოს მაძიებელი დარეგისტრირდა, საიდანაც წლის განმავლობაში 4906 ადამიანი დასაქმდა. 2013 წელს, დღემდე სააგენტოში დარეგისტრირებულია 3858 ადამიანი და მათგან უკვე დასაქმებულია 1703 ადამიანი.
- უფრო კონკრეტულად ბოლო პერიოდში, დავუშვათ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, სააგენტოს მიმართ მომართვიანობამ იკლო თუ მოიმატა?
- პროცენტულად, რომ გითხრათ თითქოს კლებადობის ტენდენცია არის. ჩვენ ანალიზი გავაკეთეთ, რომელიც სამსახურის შექმნიდან 2012 წლის მარტამდე პერიოდს მოიცავდა, ანუ იმ პერიოდამდე, როდესაც საპარლამენტო საარჩევნო კამპანია გამოცხადდა. იცით, რომ 2012 წლის მარტიდან შეიქმნა „ქართული ოცნების" შტაბები.
სააგენტოს შექმნიდან - 2012 წლის მარტამდე, აჭარის დასაქმების სააგენტოში დარეგისტრირებული იყო 2796 ადამიანი და საიდანაც დასაქმებული გახლდათ 331 ადამიანი, ანუ დარეგისტრირებულების მხოლოდ 12 %-ი. როდესაც საარჩევნო კამპანია დაიწყო და დაიწყო ასევე ვითომ დასაქმების პროგრამები, ამ პერიოდში ანუ აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით სააგენტოში დარეგისტრირდა 6567 სამუშაოს მაძიებელი, საიდანაც 4178 ადამიანი დასაქმდა, ანუ 63 %-ი. შემდგომ პერიოდში, ანუ 2012 წლის ნოემბრიდან დაწყებული დღემდე სააგენტოში 4634 ადამიანია დარეგისტრირებული, საიდანაც დასაქმდა 2204 ადამიანი, ანუ 47 %-ი.
- რაც შეეხება დასაქმებას სააგენტოს მიერ მოძიებული და შემდგომ დასაქმებული ადამიანები დასაქმდნენ დროებით სამუშაო ადგილებზე, თუ მათი დასაქმება მოხდა მუდმივად, ანუ ხანგრძლივი პერიოდით?
- სტატისტიკის მიხედვით, დასაქმებულთა უმეტესობა მაინც დროებით სამუშაო ადგილებზე დასაქმდა, რადგანაც სამშენებლო კომპანიებისგან არის მოთხოვნა, არის სხვადასხვა სეზონური სამუშაოები. არის ასევე ხანგრძლივი დასაქმების მაგალითებიც. როდესაც ანალიზი გავაკეთეთ, მაშინდელი სტატისტიკის მიხედვით, დასაქმებულთა 30 %-ი მუდმივ სამუშაო ადგილებზე დასაქმდა, დანარჩენი კი დროებითზე.
- თავად კერძო სექტორის მხრიდან რა პროფესიებზეა მოთხოვნა?
- ძირითადად მოთხოვნა არის სამშენებლო კომპანიებიდან. ასევე არის მოთხოვნა სარესტორნო ბიზნესიდან. კაფე-რესტორნები საკმაოდ ბევრ მუშახელს ითხოვენ. ძალიან კარგად მუშაობს ასევე სამკერვალო საწარმოები. მაგალითისთვის, ‘BTM ტექსტილმა' უკვე 2 საწარმო შექმნა და ასევე მოთხოვნაა გაკეთებული თურქული კომპანიის მიერ, რომელიც საწარმოს ხულოში აშენებს.
მოთხოვნა არის სხვადასხვა პოზიციებზე. ყოველ კვირაში გაქვს ახალი ვაკასნიები და მოთხოვნა არის როგორც მენეჯერებზე, ასევე ბუღალტრებზე. სამედიცინო კუთხითაც არის მოთხოვნა, ძირითადად საუბარია დამხმარე პერსონალზე. სხვათაშორის მოთხოვნა გაიზარდა სასტუმროებიდანაც. ახალ ბულვარში უკვე სრულდება „ორბის" კომპლექსი და მათ რამდენიმე თვის უკან გვთხოვეს, რომ მათთვის მოგვემზადებინა 500-მდე კადრი, დაწყებული მენეჯერიდან დამთავრებული დამლაგებლამდე.
- მომზადებაში რას გულისხმობთ? სააგენტო მხოლოდ მოიძიებს ვაკანსიებს და მერე სთავაზობთ თქვენთან დარეგისტრირებულ ადამიანებს, თუ ეხმარებით იგივე ამ ადამიანებს გადამზადებაში, რათა მათ უფრო ხელსაყრელ პოზიციებზე მოახერხონ დასაქმება?
- ჩვენ ამ მიმართულებით გვაქვს გარკვეული მიზნობრივი პროგრამები, თუმც მომავალი წლის პროგრამაში, მოთხოვნადი პროფესიებზე, გადამზადებას დავიწყებთ. თუმცა იმავდროულად სხვადასხვა კომპანიებთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, რომ გადამზადების პროგრამაში თანადაფინანსებაც გააკეთონ.
- მთავრობამ შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგია და შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგიის რეალიზაციის 2013-2014 წლების სამოქმედო გეგმა გამოაქვეყნა, სადაც აჭარა და აჭარის დასაქმების სააგენტოს მაგალითი იყო მოტანილი. დოკუმენტში საუბარი იყო, რომ ის მოდელი, რომელიც რეგიონში მოქმედებს კარგია და მალე ქვეყნის მასშტაბით დაიწყება დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია. აჭარა ამ პროცესს უკვე მომზადებული შეხვდება, ანუ ერთიანი ბაზა რეგიონს უკვე გააჩნია, თუ სამომავლოდ უნდა შეიქმნას?
- აღწერა დაიწყება მთელი საქართველოს მასშტაბით. ჩვენთან მდგომარეობა არის ასეთი: ვინც დასაქმების სააგენტოს მოგვმართავდა მხოლოდ ისინი იყო რეგისტრირებული. თუმც 2013 წლის ნოემბრიდან მთელი საქართველოს მასშტაბით მოხდება დაუსაქმებელი ადამიანების საყოველთაო რეგისტრაცია-აღწერა. ეს არის 4 თვეზე გაწერილი პროგრამა და მოიცავს ნოემბერ-თებერვლის პერიოდს. აჭარაში გვეყოლება 130 საველე ოფიცერი, რომელიც აღწერას გააკეთებს. მხოლოდ მარტიდან-მაისამდე მოხდება იმ რაიონებში აღწერა, სადაც ნოემბრიდან-თებერვლამდე აღწერის ჩატარება ვერ მოხერხდება, საუბარი მაქვს მაღალმთიან აჭარაზე. მთლიანი პროცესი ნოემბრიდან დაიწყება და მაისის ბოლოს დასრულდება სრული პროცესი.
- თუ ფლობთ რეგიონის მასშტაბით ზოგად სტატისტიკას. შემცირდა თუ არა აჭარაში უმუშევრობის დონე?
- რეალურად რეგიონში დასაქმების პროცენტული მაჩვენებელი გაზრდილია. აჭარის დასაქმების სააგენტო პრაქტიკულად 2 წელია შექმნილია და დაკვირვება გვიჩვენებს, რომ რეგიონში დასაქმება არის გაზრდილი.
„ჯი-ეიჩ-ენი"
ესაუბრა მაია არაბიძე