ქართული საბანკო სექტორი ფორმაშია, აღნიშნულის შესახებ განცხადებას "ფორბსის" ქართული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტი სერ სუმა ჩაკრაბარტი აკეთებს. ჩაკრაბარტის განმარტებით, ქართულ საბანკო სექტორს მიზნის მიღწევაში EBRD-იც დაეხმარა. EBRD-ს პრეზიდენტის განმარტებით, იმაში, რომ ქართული საბანკო სისტემა გამართულად ფუნქციონირებს სებ-საც დიდი წვლილი მიუძღვის, რადგანაც ის ფოკუსირებულია მაკროეკონომიკურ ფარგლებში ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაზე.
"ძალიან ბევრ ქვეყანაში ჯერ კიდევ იბრძვიან საბანკო სექტორის სტაბილურობისთვის, მოპოვებისთვის და მისი შენარჩუნებისთვის. ქართული რეალობა ამ მხრივ კი ერთ-ერთი საუკეთესოა. რაც ჩემი ამ ვიზიტის დროს მინახავს ერთ ძალიან მარტივ სტატისტიკას მოგიყვანთ: ვადაგადაცილებული სესხების მაჩვენებელი საქართველოში 9,5 %-ია, მაშინ როდესაც სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპაში ეს მაჩვენებელი 20 %-ს შეადგენს, რაც ამ ბანკებს სერიოზულ პრობლემებს უქმნის. საქართველო ნამდვილად უკეთეს პოზიციაშია და ამიტომ მიიღეთ ჩემი დიდი კომპლიმენტი. თუმცა ადგილობრივი საბანკო სექტორის სტაბილიზირებაში მონაწილეობა EBRD-საც აქვს მიღებული - ამ პროცესში ჩვენც აქტიურად ვიყავით ჩართული. დავამატებდი, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი ფოკუსირებულია მაკროეკონომიკურ ფარგლებში ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაზე და ის ამ მხრივ ძალიან კარგ საქმეს აკეთებს"- აცხადებს EBRD-ის პრეზიდენტი.
შეგახსენებთ, რომ EBRD-ის პრეზიდენტი საქართველოს ეროვნულ ბანკს 17 ივლისს სტუმრობდა, რომელომაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან, გიორგი ქადაგიძესთან შეხვედრისას ქართულ საბანკო სექტორში არსებულ ვითარებას და მიმდინარე ეკონომიკურ რეფორმებს გაეცნო.
„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლობა EBRD-თან არ არის ახალი. ჩვენ ძალიან ხანგრძლივი და სტრატეგიული პარტნიორობა გვაკავშირებს. გარდა ამისა, დღეს აქტუალური თემა და ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია ლარიზაცია. ჩვენ რამდენიმე თვეა ვმუშაობთ და უახლოეს მომავალში, დაახლოებით ორ-სამ თვეში EBRD გამოუშვებს პირველ ლარით დენომინირებულ კორპორატიულ ობლიგაციას ადგილობრივ ბაზარზე. ეს იქნება საქართველოში პირველი ფასიანი ქაღალდი გამოშვებული ეროვნული ვალუტით საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ამის შემდგომ იგივე ტენდენცია გაგრძელდება არა მარტო საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მხრიდან, არამედ ქართული ბანკებისა და მძლავრი კომპანიების მხრიდან, რაც საბოლო ჯამში ხელს შეუწყობს კაპიტალის ბაზრების განვითარებას. ასევე ხელს შეუწყობს საპროცენტო განაკვეთების შემცირებას და კიდევ ერთ, წარმატებულ, ახალ ფურცელს გადავშლით საფინანსო სექტორში", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ.
„ძალიან სასიამოვნოა ჩემი აქ ყოფნა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან შეხვედრა. ჩვენ წლების მანძილზე მჭიდრო თანამშრომლობა გვაკავშირებს. უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოს საბანკო სექტორი განვითარების საკმაოდ მაღალ დონეზეა და რაც მთავარია, სტაბილურია. EBRD საერთაშორისო ორგანიზაციაა და ბევრ ქვეყანაში ახორციელებს პროექტებს. საქართველოს საბანკო სისტემა აშკარად გამორჩეულია ყველა სხვა ქვეყნისგან სადაც ჩვენ ვმუშაობთ. საბანკო სექტორი მდგრადი და სტაბილურია, ამიტომ გასაკვირი არაა ის ნდობა რომელიც მომხმარებელს მის მიმართ გააჩნია. სწორედ ამ ნდობას ეფუძნება ასევე ეროვნულ ბანკთან ჩვენი უახლოესი მომავლის გეგმა: შევთანხმდით, რომ უახლოესი პერიოდის გეგმაა EBRD-ის ადგილობრივი ვალუტის ობლიგაციის ლარის ბონდის გამოშვება", - განაცხადა EBRD-ის პრეზიდენტმა სერ სუმა ჩაკრაბარტიმ.
აღსანიშნავია, რომ დღემდე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა საქართველოში 1.8 მილიარდი ევროს ინვესტირება 158 პროექტში განახორციელა, მათ შორის საბანკო და ფინანსურ სექტორებში, ენერგეტიკაში, აგრობიზნესსა და მრეწველობაში. ასევე მოახდინა 3 მილიარდი ევროს მობილიზება სხვა ფინანსური წყაროებიდან ხსენებული სექტორების დაფინანსებისათვის.