"ჩვენი ხელისუფლების მიერ არჩეული კონფლიქტების მოწესრიგების კონსტრუქციული კურსი აუცილებლად მოიტანს შედეგს"- ასე ეხმაურება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს შორის მომხდარი ომის 5 წლისთავს.
მინისტრის თქმით, "აგვისტოს ომი საქართველოს ტრაგედია იყო, რადგან მაშინ ქვეყანამ ბევრი გმირი დაკარგა".
"აგვისტოს ომიდან 5 წელი გავიდა. ეს ომი ჩვენი ქვეყნის ტრაგედია იყო. რუსეთ-საქართველოს ომში ჩვენ ბევრი ვაჟკაცი დავკარგეთ, ისინი საქართველოს გმირები არიან! ყველა, ვინც ქვეყნის ერთიანობისთვის იბრძოდა, ჩვენთვის ვაჟკაცობისა და სამშობლოს სიყვარულის მაგალითის მომცემია. ამ ადამიანების და მათი ოჯახის წევრების ბედზე ზრუნვა არის ჩვენი მთავარი პასუხი იმ მძიმე გამოწვევებზე, რაც ომსა და ახალ დაბრკოლებებს მოჰყვა. ჩვენმა ხელისუფლებამ კონფლიქტების მოწესრიგების მშვიდობიანი, კონსტრუქციული და პრაგმატული კურსი აირჩია, რომელიც დარწმუნებული ვარ, აუცილებლად მოიტანს შედეგს",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 5 წელი შესრულდა. ოფიციალური მონაცემებით, 5-დღიან ომში საქართველომ 170 სამხედრო, 14 - პოლიციელი და 220 - სამოქალაქო პირი დაკარგა. საომარი მოქმედებების შედეგად, 2 234 ადამიანი დაიჭრა და 26 000 დევნილად იქცა.