,,ნაციონალური მოძრობის" საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძე ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანის მიზნით ბიძინა ივანიშვილს შეხვედრას სთავაზობს. ამის შესახებ ბაქარაძემ პარტიაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
,,მე ვთავაზობ პრემიერ-მინისტრს შეხვედრას ეკონომიკურ საკითხზე და შეხვედრის ძირითადი ამოცანა უნდა იყოს ერთად ვიმსჯელოთ როგორ უნდა გამოვიყვანოთ საქართველოს ეკონომიკა იმ კრიზისიდან რომელშიც ის უკვე შევიდა", _განაცხადა ბაქრაძემ, რომელმაც ჟურნალისტებთან იმ ინიციატივებზე ისაუბრა, რასაც ბიძინა ივანიშვილს შეხვედრის შემთხვევაში შესთავაზებს.
,,მე შემიძლია, საჯაროდ დავაფიქსირო რამდენიმე შეთავაზება, რომელზეც მზად ვართ, ვიმსჯელოთ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე. ხაზს გავუსვამდი სამ ძირითად მომენტს: პირველი - ბიზნესს უნდა ჰქონდეს სრული დაცულობის განცდა, ამ თვალსაზრისით, აუცილებელია მოხდეს ბიზნესის სრული დეკრიმინალიზაცია ანუ ბიზნესთან დაკავშირებულ ვერც ერთ აქტივობაზე ბიზნესმენს პასუხს ვერ უნდა სთხოვდეს ვერც პოლიცია, ვერც პროკურატურა. ეს იყო ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა წინა წლებში. დღევანდელი მთავრობა ძალიან "წარმატებულად" აგრძელებს წინა წლების პრობლემას, ამიტომ აუცილებელია, ბიზნესს შევუქმნათ დაცულობის განცდა და მოხდეს ბიზნესაქტივობის სრული დეკრიმინალიზაცია და სამართალდამცავი ორგანოების გვერდზე გაწევა. მეორე, რაც ჩვენ შევთავაზებთ, იქნება ბიზნესისთვის სტაბილურობის განცდის შემქმნა და მორატორიუმის შემოღება, რომ უახლოეს 5 წელიწადში მთავრობა არ შეცვლის თამაშის წესებს და არ შემოიღებს დამატებით რეგულაციებს და დამატებით ტვირთს ბიზნესისთვის, იმიტომ, რომ ყველას, ადგილობრივ ბიზნესმენსაც და უცხოელ ინვესტორსაც ჰქონდეს იმის განცდა, რომ ის შემოდის პროგნოზირებად ბაზარზე, სადაც ეს პარლამენტის რომელიმე წევრის ან პარლამენტართა ჯგუფის მიერ უცებ მოფიქრებული ინიციატივის საფუძველზე მას არ შეუცვლიან თამაშის წესებს და არ გაუუარესებენ მდგომარეობას; და მესამე, რასაც შევთავაზებთ მთავრობას, იქნება ის, რომ ბიზნესს ჰქონდეს ხელსაყრელი გარემო და გაგრძელდეს გადასახადების შემცირება, რომელიც საქართველოში წინა წლებში იყო. ჩვენ 2013 წლიდან უკვე ვგეგმავდით საშემოსავლო გადასახადის შემცირებას, რაზეც მთავრობამ, სამწუხაროდ, უარი თქვა. ჩემი ერთ-ერთი შეთავაზება იქნება, გავაგრძელოთ ეს მიმართულება და გადასახადების, პირველ რიგში, საშემოსავლო გადასახადის შემცირება მომავალში მომავალი წლიდან, რათა მეტი თანხა დარჩეს ეკონომიკაში და ამის შედეგად ამუშავდეს ეკონომიკა. ეს სამი ელემენტი არის ნაწილი იმ შეთავაზების, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ, ხელისუფლებას. ვიმეორებ, მე მზად ვარ, მისთვის მისაღებ ნებისმიერ დროს შევხვდეთ პრემიერ-მინისტრს", - განაცხადა ბაქრაძემ.