საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს მესამ მოსმენით უყარა კენჭი.
არჩევნებში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების საწინააღმდეგოდ კანონმდებლობაში რამდენიმე კონკრეტული აკრძალვა ჩაიდო. ცვლილებების მიხედვით, საჯარო მოხელეებს წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევის და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება არ ექნებათ არა მარტო მაშინ, როდესაც ისინი უშუალოდ სამსახურებრივ ფუნქციებს ასრულებენ, არამედ ზოგადად, სამუშაო საათების განმავლობაში.
ასევე, იკრძალება სახელმწიფო თუ ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ორგანიზებულ ღონისძიებებსა და პრეზენტაციებზე ორგანიზატორის მიერ აგიტაციის გაწევა. აღნიშნული ქმედება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებად ჩაითვლება. გარდა ამისა, მთლიანად იკრძალება სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების გამოყენება წინასაარჩევნო აგიტაციის პროცესში.
ცვლილებების თანახმად, სპეციალურად არჩევნების წინ შექმნილი უწყებათაშორისი კომისია უშიშროების საბჭოს მართვის სივრციდან გადის. აღნიშნული უწყება იუსტიციის სამინისტროს ფარგლებში ამოქმედდება.
პრეზიდენტის პოსტზე კენჭისყრის შემთხვევაში, სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირს დაკავებული თანამდებობის დატოვება მოუწევს.შესაბამისი შეზღუდვა ამ დრომდე "საარჩევნო კოდექსში" არ არსებობდა. ასევე დგინდება პრეზიდენტობის კანდიდატის სტატუსთან შეუთავსებელი სახელმწიფო თანამდებობები.
საპრეზიდენტო არჩევნებისთვის იზრდება საოლქო და საუბნო კომისიებში როგორც საინიციატივო ჯგუფის, ასევე პარტიების მიერ დანიშნული ორ-ორი წარმომადგენლის შრომის ანაზღაურების ოდენობა.
საპრეზიდენტო არჩევნებისათვის კანდიდატს, ვინც მოიპოვებს მონაწილეთა ხმების 10%-ს და მეტს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან აუნაზღაურდება გაწეული და დასაბუთებული ხარჯი - 1 000 000 ლარის ოდენობით.
ამავე ცვლილებების მიხედვით, 90 000 - ზე მეტ ამომრჩეველს, რომლებიც საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციიდან მოხსნილნი არიან, ან რომელთა რეგისტრაციაც ძალადაკარგულადაა გამოცხადებული, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცემათ.