საქართველოს პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი საქართველოში დაპატიჟა, - ამის შესახებ ივანიშვილმა ტუსკთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პოლონელ კოლეგას მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისა და თანადგომისთვის რომელსაც პოლონეთი საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართ იჩენს.
"მოხარული ვარ, რომ გავიცანი ჩემი პოლონელი კოლეგა და მოგვეცა საშუალება გვესაუბრა მრავალ საკითხზე. მე იგი მოვიპატიჟე საქართველოში და იმედი მაქვს, რომ ახლო პერიოდში შეძლებს ვიზიტის განხორციელებას. ჩვენი შეხვედრა გვაძლევს საფუძველს, რათა მომავალში გავაღრმაოთ ურთიერთობები და მოხარული ვიქნები, თუ მომავალშიც გვექნება პოლონეთისგან ასეთი დიდი მხარდაჭერა", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
პოლონეთის პრემიერმა კი თავის მხრივ მზადყოფნა გამოთქვა, მიიღოს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიწვევა საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით.