თბილისის იუსტიციის სახლში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა მიმდინარეობს.
კომიტეტის სხდომაზე განიხილება "პოლიციის შესახებ" კანონში და "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შესატანი ცვლილებები. როგორც ჟურნალისტებთან პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა ,,პოლიციის შესახებ ახალი კანონპროექტი" გერმანულ მოდელზე დაყრდნობით მომზადდა.
"დღეს კანონში ძალიან ბუნდოვნად არის ჩამოყალიბებული პოლიციის უფლება-მოვალეობები. მთელი რიგი საკითხები იმგვარად არის დარეგულირებული, რომ პოლიციას მეტ ლავირების შესაძლებლობას აძლევს. ჩემი ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ახალი კანონპროექტის შემუშავებისას, ძირითადად, გერმანულ მოდელს დაეყრდნო, რაც ძალიან კარგია, რადგან გერმანელებს პოლიციის საქმიანობის წესთან დაკავშირებული საკითხები ზედმიწევნით აქვს დარეგულირებული", - განაცხადა სესიაშვილმა