ეგვიპტის სამხედრო ძალების წარმომადგენლებმა პრეზიდენტ მუსრის განუცხადეს, რომ ის აღარ არის სახელმწიფოს მეთაური. ამის შესახებ როიტერი იტყობინება.
სატელევიზიო მიმართვაში ეგვიპტის ჯარების სარდლობამ განაცხადა, რომ პრეზიდენტმა მუსრიმ თავი ვერ გაართვა სახელმწიფოს მეთაურის მოვალეობას, იგი გადაყენებულია და შეჩერებულია კონსტიტუციის მოქმედება.
ქვეყნის ჯარების სარდალმააბდელ ფატახ სისიმ განაცხადა, რომ ქვეყანაში ჩამოყალიბდება დროებითი მთავრობა და ჩატარდება ვადამდელი არჩევნები.
ამ გადაწყვეტილებამდე ეგვიპტელმა სამხედროებმა ქაიროს ქუჩებში ჯავშანტექნიკა გამოიყვანეს. სამხედროების თქმით, მათი მიზანია საზოგადოება, განურჩევლად ნებისმიერი კუთვნილებისა, საფრთხისგან დაიცვან. ამის შესახებ ინფორმაციას ბი-ბი-სი ავრცელებს. პრეზიდენტ მუსრისა და ისლამისტური მოძრაობა „ძმები მუსულმანების" მაღალი თანამდებობის პირებს ქვეყნის დატოვება აქვთ აკრძალული.
აღნიშნულ მოვლენებამდე ცოტა ხნით ადრე, პრეზიდენტმა არ დააკმაყოფილა დემონსტრანტების მოთხოვნა გადადგომასთან დაკავშირებით. მუსრიმ განაცხადა, რომ ის წარმოადგენს კანონიერად არჩეულ პრეზიდენტს და აპირებს ბოლომდე შეასრულოს დაკისრებული მოვალეობები. ეგვიპტის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კომპრომისის მისაღწევად, მუსრი მხარეებს სთავაზობს, შეიქმნას კოალიციური მთავრობა, რომელიც ერთობლივი ძალებით გააკონტროლებს საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას.
ქაიროს ქუჩებში კი გრძელდება შეტაკებები პრეზიდენტის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის. გასულ ღამეს აღნიშნული შეტაკებების შედეგად 16 ადამიანი გარდაიცვალა. შეგახსენებთ, რომ ეგვიპტეში ანტი სახელისუფლებო აქციები რამდენიმე კვირაა გრძელდება. დემონსტრანტებმა პრეზიდენტს გადადგომის მოთხოვნით ულტიმატუმი წაუყენეს, რომელიც მუსრიმ არ გაითვალისწინა.
მასალის გამოყენების პირობები