საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის ხელი მოეწერა „აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მეოთხე პროექტის" (ჩქაროსნული მაგისტრალის აგარა - ზემო ოსიაურის მონაკვეთი) დაფინანსების შეთანხმებებს.
პროექტის განხორციელების მიზნით, მსოფლიო ბანკი შეღავათიანი პირობებით გამოყოფს დაახლოებით 75 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსურ რესურსს, საიდანაც 38 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს მსოფლიო ბანკის რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD), ხოლო დაახლოებით 37 მილიონამდე აშშ დოლარს - მსოფლიო ბანკის განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA). ეს არის უახლესი ინვესტიცია ამ მაგისტრალის აღდგენის პროგრამაში, რომელიც საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი სატრანსპორტო დერეფნის განახლებისთვის იქნა გამოყოფილი.
ხელშეკრულებებს ხელი მოაწერეს საქართველოს მხრიდან ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა, მსოფლიო ბანკის მხრიდან-მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა ჰენრი კერალიმ.
„აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანსპორტო დერეფანი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და სტრატეგიული საგზაო არტერიაა. საქართველოს მთავრობა აფასებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, მათ შორის, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერას, რომლის საშუალებითაც აქტიურად გრძელდება ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა. აღნიშნული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება ხელს შეუწყობს ქვეყნის სატრანზიტო და ლოჯისტიკური პოზიციების გაძლიერებას, ეკონომიკური განვითარების პერსპექტივას და მოსახლეობის კეთილდღეობას ," - განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.
„აღნიშნული პროექტით დაფინანსებული იქნება ის საქმიანობა, რომელიც ამჟამად მიმდინარე აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული გზატკეცილის მესამე პროექტით დაგეგმილ პოზიტიურ ნაბიჯებს გააღრმავებს და ეს აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული გზატკეცილის დასრულებაში წვლილის შეტანით მოხდება. ქვეყანასთან პარტნიორობის ამჟამინდელი სტრატეგიის ფარგლებში მსოფლიო ბანკი ასევე აგრძელებს საავტომობილო გზების სფეროში მოქმედი დაწესებულებების შესაძლებლობების გაზრდისკენ მიმართული ძალისხმევის მხარდაჭერას. აღნიშნული სტრატეგიის მიხედვით კონკურენტუნარიანობასთან დაკავშირებული ამოცანის შესასრულებლად ამ სტრატეგიის ორი ძირითადი შედეგი ქვეყნის მთავარ სატრანზიტო გზებზე მგზავრობის დროის და ხარჯების შემცირება და საგზაო უსაფრთხოების გაზრდა უნდა იყოს", - განაცხადა ჰენრი კერალიმ, მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიის რეგიონში.
მსოფლიო ბანკის მიერ ამ უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო არტერიის გაუმჯობესების საქმეში საქართველოს მთავრობისთვის მხარდაჭერის გაგრძელება, ეფუძნება წინა სამი პროექტის წარმატებას და მისი მიზანია, კიდევ უფრო მეტად შეუწყოს ხელი ვაჭრობას, სატრანზიტო გადაზიდვების მოცულობის გაზრდას, სატრანსპორტო ხარჯების შემცირებას. აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული გზატკეცილის გაუმჯობესების უკვე დასრულებული მეორე პროექტის და მიმდინარე პირველი და მესამე პროექტების მეშვეობით, მსოფლიო ბანკმა დახმარება გაუწია ხელისუფლებას აღმოსავლეთ-დასავლეთის გზატკეცილის მსოფლიო დონის ოთხზოლიან გზატკეცილად მოდერნიზაციის პროცესში.
აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული გზატკეცილის გაუმჯობესების მეოთხე პროექტის ფარგლებში, მოხდება სოფელ აგარას და სოფელ გომის შემოვლით გზებს შორის არსებული მონაკვეთის განახლება. ასევე განხორციელდება ნატახტარსა და ხაშურს შორის უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად და გზასთან დასაკავშირებლად საჭირო სამუშაოების ჩატარება. აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს საავტომობილო გზებზე სატრანსპორტო ხარჯების თანდათანობით შემცირებას და გააუმჯობესებს ამ პროექტის ფარგლებში რეაბილიტირებულ გზის მონაკვეთზე არსებულ უსაფრთოხების ხარისხს. გარდა ამისა, ეს პროექტი გაზრდის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და საავტომობილო გზების დეპარტამენტი შესაძლებლობებს, გზების ქსელის დაგეგმარებისა და მართვის, ასევე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების კუთხით.
აღნიშნული პროექტი წარმოადგენს აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაგრძელებას, რომლის მშენებლობის დაფინანსების მიზნით, დღეის მდგომარეობით მსოფლიო ბანკის მიერ ჯამურად გამოყოფილია დაახლოებით 292 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის შეღავათიანი ფინანსური რესურსი. აღნიშნული სახსრებით დაფინანსდა ჩქაროსნული ავტომაგისტრალის აღაიანი-აგარას მონაკვეთი და ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდა რიკოთის გვირაბს.
მასალის გამოყენების პირობები