თურქეთი ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების შესახებ საერთაშორისო საზოგადოების დამოკიდებულებას აკრიტიკებს. საერთაშორისო საზოგადოების რეაქციას ასეთი შეფასება თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აჰმედ დავითოღლუმ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან ჯონ კერისთან სატელეფონო საუბრისას მისცა.
„მრავალ დემოკრატიულ ქვეყანაში ხდება მსგავსი მასობრივი გამოსვლები და პროტესტი ხელისუფლების მიმართ. ამაში განსაკუთრებული არაფერია და არც თურქეთია გამონაკლისი. დემონსტრაციები, როგორც სხვა ქვეყნებში, თურქეთშიც შესაძლოა განიხილებოდეს როგორც გამოცდა დემოკრატიული სისტემისთვის", - განაცხადა ჯონ კერისთან საუბრისას აჰმედ დავითოღლუმ.
თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ თუ სხვა დემოკრატიულ ქვეყნებში პროტესტი აღიქმება როგორც რიგითი გამოხატულება დემოკრატიული მმართველობისა, თურქეთში მიმდინარე დემონსტრაციები აღქმული იქნა როგორც საგანგებო მოვლენა. „თურქეთი არ არის მეორეხარისხოვანი დემოკრატია", - აღნიშნა აჰმედ დავითოღლუმ.
შეგახსენებთ, რომ საპროტესტო აქციები თურქეთში უკვე ათი დღეა გრძელდება. ქვეყნის ხელისუფლებამ უკვე მოუხადა ბოდიში დემონსტრანტებს, აღიარა, რომ მათი პროტესტი სამართლიანია და დაგმო პოლიციის მიერ ძალის გადამეტების ფაქტები. მიუხედავად ამისა მასობრივი საპროტესტო აქციები არ წყდება.
დემონტრაციები გასულ კვირას სტამბულში გეზის პარკის განადგურების წინააღმდეგ ორგანიზებული ეკოლოგიური აქციით დაიწყო. მოგვიანებით, პარკის დასაცავი მშვიდობიანი აქცია ანტი სახელისუფლებო მიტინგებში გადაიზარდა. სტამბულის მცხოვრებლებს მხარი სხვა რეგიონების მოსახლეობამაც დაუჭირა. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, პროტესტში მონაწილეობს თითქმის ყველა, განურჩევლას მათი სოციალური სტატუსისა. პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირების შედეგად გარდაიცვალა 3 ადამიანი, ხოლო 3 ათასზე მეტი მძიმედ დაშავდა.
მასალის გამოყენების პირობები