"აბსურდული დოკუმენტი, რომელსაც ჩრდილოეთ კავკასიაში არავინ გამოეხმაურება" _ ასე შეაფასეს მოსკოვში საქართველოს პარლამენტის ინიციატივა. დღეს ქართველმა დეპუტატებმა ჩრდილო კავკასიის ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოებს წერილი გაუგზავნეს და მათ მოსკოვის გვერდის ავლით პირდაპირი თანამშრომლობა შესთავაზეს.
ქართველი პოლიტიკოსების ამ განცხადებას მოსკოვში მწვავე რეაქცია მოჰყვა. რუსი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ამ ინიციატივის მიზანი ჩრდილოეთ კავკასიაში სიტუაციის დესტაბილიზება და სეპარატისტული ძალების წახალისებაა.
"ეს არის კავკასიაში დესტაბილიზაციის მცდელობა. არაფერი გამოვა, ეს სურვილებია და იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოში წარმოდგენაც არა აქვთ, რა ხდება რუსეთში. ყველაფერი სუბორდინირებული და ზუტად გაწერილი გვაქვს. ხელისუფლების ვერტიკალი მოქმედებს და სააკაშვილთან საუბარს არავინ დაიწყებს. მიმაჩნია, რომ თუ რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ მისთვის სააკაშვილი არ არსებობს, მაშინ არც ინგუშეთისა თუ ჩეჩნეთის პრეზიდენტი დაიწყებს მასთან საუბარს", _ განაცხადა რუსეთის დუმის დეპუტატმა სერგეი აბელცევმა.
დეპუტატი სემიონ ბაღდასაროვი კი აცხადებს, რომ ოფიციალური ხელისუფლება ამ კონტაქტებზე, რა თქმა უნდა, არ წავა, სეპარატისტებთან და რადიკალურ ძალებთან კი, რომლებიც ოფიციალური ხელისუფლების წინააღმდეგნი არიან, შეიძლება კონტაქტი დამყარდეს.
"ეს კი უკვე სეპარატისტების მხარდაჭერა გამოდის. შესაბამისად, რუსეთმა ზომები უნდა მიიღოს. მე პირადად მკაცრ ზომებს ვუჭერ მხარს. საქართველომ შექმნა პირველი ტელეარხი, რომელიც ინტერნეტით მაუწყებლობს და სიტუაციის პროვოცირებას ახდენს. სხვადასხვა მოწოდებას აკეთებს მოქალაქეებთან დაკავშირებით. ახლა კი ეს შემოთავაზება... როდემდე უნდა ვითმინოთ?! იქნებ დროა, მივიღოთ ხისტი სამხედრო დიპლომატიური ზომები საქართველოს მიმართ. რატომ შეუძლია ამის გაკეთება შტატებს და არ შეუძლია რუსეთს", _ აცხადებს ბაღდასაროვი.