ქუვეითში, შესაძლოა, ქართული პროდუქციის ასევე მინერალური და სასმელი წყლის ექსპორტი დაიწყოს. როგორც პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის უფროსმა ნიკო მჭედლიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აღნიშნული საკითხი ქუვეითში საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელის, ნიკა გილაურის ვიზიტისასა განხილვის ერთ-ერთ საკითხს წარმოადგენდა.
"საქართველოს აქამდე ქუვეითის ბაზარი ათვისებული არ აქვს და როგორც გაირკვა იქ ქართული სასოფლო სამეურნეო პროდუქციის ასევე მინერალური და სასმელი წყლის ექსპორტის კარგი პერსპექტივა არსებობს", - განაცხადა მჭედლიშვილმა.
მისივე განმარტებით, ქუვეიის ბიზნესწრეები საქართველოში ინვესტიციების ჩადებითაც არიან დაინტერესებულნი, რისთვისაც მარტის ან აპრილის თვეში საქართველოში ჩამოსვლასა და შესაბამისი გარემოს შესწავლასაც აპირებენ.
"საუბარია ინვესტიციების ენერგეტიკის სექტორსა და საცალო ვაჭრობის განვითარების კუთხით ჩადებაში. განიხილება დიდი სავაჭრო ობიექტების შექმნა, რომელიც რეგიონალური მნიშვნელობის იქნება", - განმარტა მჭედლიშვილმა.
შეგახსენებთ რომ პრემიერი გილაური სამუშაო ვიზიტით 12-16 თებერვალს დუბაიში 17-19 თებერვალს კი ქუვეითში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში მან ემერთან, პარლამენტის სპიკერთან, პრემიერ-მინისტრსა და სხვა მინისტრებთან შეხვედრები გამართა.