დღეს, 18 დეკემბერს, ქ. ვაშინგტონში იმართება აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ხალხთაშორისი და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა.
შეხვედრაზე ქართული უწყებათაშორისი დელეგაცია წარმოდგენილი იქნება მინისტრის მოადგილეების დონეზე. ქართული მხრიდან შეხვედრას თანათავმჯდომარეობას გაუწევენ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი, ხოლო ამერიკული მხრიდან სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ბეი ფენგი და USAID-ის ადმინისტრატორის თანაშემწის მოადგილე ჯონათან ჰეილი.
მხარეები განიხილავენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩართულობის თემებს, მათ შორის საერთო პროგრამების განხორციელების შესაძლებლობებს; საქართველოსთვის "ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის" მე-2 კომპაქტის მინიჭების საკითხს; თანამშრომლობას განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროებში; სავიზო დიალოგის თემებსა და ერთობლივ სამომავლო პროექტებს ჯანდაცვის სფეროში.