სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილმა მთავრობის კანცელარიაში გამართული საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომის შედეგები შეაჯამა. როგორც ჟურნალისტებთან პეტრიაშვილმა განაცხადა კომისიის სხდომაზე მინისტრებმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით საკუთარი ხედვები წარადგინეს.
კომისიის სხდომაზე განიხილეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებული საკითხები. როგორც პეტრიაშვილმა კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა ასოცირების ხელშეკრულების შეთანხმების შესახებ მოლაპარაკების დიდი ნაწილი დასრულებულია.
,, ამ დოკუმენტის უმეტესობა და მასში შემავალი თავები და ქვეთავები შეთანხმებულია. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კომისიის სხდომაზე კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი არის ევროპა", _ განაცხადა პეტრიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის კანცელარიაში პრემიერის თავმჯდომარეობით საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის 43-ე სხდომა მთავრობის ახალი შემადგენლობით პირველად გაიმართა.