სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილმა ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტს ვილფრედ მარტენსს მოუწოდა საქართველოში ჩამოვიდეს და თავად დააკვირდეს მიმდინარე პროცესებს. როგორც ჟურნალისტებთან პეტრიაშვილმა ვილფრედ მარტენსის განცხადების კომენტირებისას განაცხადა საქართველოში პოლიტიკური ოპონენტების დევნა არ მიმდინარეობს.
,,ქვეყანაში არავის პოლიტიკური ნიშნის მიხედვით დევნა არ ხორციელდება და პროცესი, რომელიც მიმდინარეობს მხოლოდ და მხოლოდ ხორციელდება კანონის უზენაესობის პატივისცემით", _ განაცხადა პეტრიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ვილფრედ მარტენსმა საქართველოს მთავრობას მოუწოდა პატივი სცეს ქვეყანაში არსებულ დემოკრატიულ ინსტიტუტებს და შეინარჩუნოს ამ მხრივ მიღწეული პროგრესი, - აღნიშნულის შესახებ ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტმა სახალხო პარტიის სამიტზე განაცხადა და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ევროატლანტიკურ სტუქტურებში ინტეგრაციის კუთხით.
"ჩვენ ვიმსჯელეთ საქართველოში შექმნილ საგანგაშო სიტუაციაზე. წინა მთავრობამ მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა და ევროინტეგრაციის გზაზე პროგრესსაც მიაღწია. ამას გარდა, შესაძლებელი გახდა საპარლამენტო არჩევნების პროცესის სამართლიანად და სწორად წარმართვა. თუმცა ახალი მთავრობის ქმედება - დაპატიმრებები და მედიასაშუალებებზე ზემოქმედება - ევროპაში შეშფოთებას იწვევს. ახალ მთავრობას მოვუწოდებთ ხელი აიღოს მსგავს ქმედებებზე და პატივი სცეს დემოკრატიული სახელმწიფოს ისეთ ინსტიტუტებს, როგორიცაა მედიის თავისუფლება და ადამიანის ძირითადი უფლებები", - განაცხადა ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტმა.