საქართველო ევროპის სამოქალაქო ავიაციის კონფერენციის (ECAC) წევრ სახელმწიფოთა საავიაციო ხელისუფლებების დირექტორთა რიგით სამოცდამეერთე შეხვედრას მასპინძლობს. შეხვედრა ხვალ, 31 აგვისტოს 9.00 საათზე სასტუმრო ‘რადისონში~გაიხსნება და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია მიმართავს.
ღონისძიებაში ორმოცდაოთხი ქვეყნის საავიაციო ხელისუფლების დირექტორი და წამყვანი საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციების პირველი პირები მიიღებენ მონაწილეობას. აღსანიშნავია, რომ ავიაციის სფეროში ასეთი რანგის შეხვედრა საქართველოში პირველად იმართება.
ღონისძიების მასპინძლობის ინიციატივა კი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ეკუთვნის. აღნიშნული ინიციატივა წარმოადგენს უნიკალურ შესაძლებლობას ქვეყნისათვის, ფართოდ წარმოაჩინოს სამოქალაქო ავიაციის სფეროში მიღწეული პროგრესი და სახელმწიფოს პოტენციალი ამ მიმართულებით.
ECAC-ის დირექტორთა სპეციალური შეხვედრა ყოველწლიურად იმართება და მასზე ევროპის სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოებისა და უშიშროების სფეროში მიმდინარე უმნიშვნელოვანესი მოვლენები განიხილება.
ECAC-ის სამდივნოს მიერ გაწეული სამუშაოების შეჯამება, ორგანიზაციის მომავალი წლის პრიორიტეტები, ურთიერთობა არა-წევრ სახელმწიფოებთან, სხვადასხვა მიზნობრივი პროექტების დაფინანსება ECAC-ის სპეციალური ფონდებიდან, სამზადისი ICAO-ს მომდევნო ასამბლეისთვის - ეს იმ ძირითადი საკითხების ჩამონათვალია, რომელიც განხილულ იქნება თბილისში გასამართ ღონისძიებაზე.
შეხვედრას მისასალმებელი სიტყვით გახსნის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია. ავიაციის სფეროში განხორციელებული რეფორმებისა და მიმდინარე ინფრასტრუ-ქტურული პროექტების შესახებ ვრცელი მოხსენებით გამოვა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი ირაკლი დავითაძე.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) გენერალური მდივანი რაიმონდ ბენჟამინი, ICAO-ს პარიზის ბიუროს რეგიონალური დირექტორი ლუის ანტონიო ფონსეკა დე ალმეიდა, ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) აღმასრულებელი დირექტორი პატრიკ გუდუ, ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის (Eurocontrol) გენერალური დირექტორი დეივიდ მაკმილანი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის სიმ კალასის კაბინეტის ხელმძღვანელი ჰენრიკ ჰოლოლეი და ევროკომისიის მობილურობისა და ტრანსპორტის გენერალური დირექტორატის საჰაერო ტრანსპორტის განყოფილების უფროსი მეთიუ ბოლდვინი.
ღონისძიების ფარგლებში იგეგმება ICAO-ს გენერალური მდივნის შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან. ორმხრივი შეხვედრები გაიმართება აგრეთვე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან.