საქართველოს პრეზიდენტმა ხაშურში მინის ტარის მწარმოებელი ქარხნის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი და საძირკველში კაფსულაც პირადად ჩადო. მიხეილ სააკაშვილი სამუშაო პროცესს გაეცნო და მშენებლობაზე დასაქმებულ მოსახლეობას გაესაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანი საწარმო შენდება, მაგრამ, უმთავრესი ხალხის დასაქმებაა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ქარხნის მშენებლობა მისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე დასრულდება.
საწარმოში უახლესი ტექნიკა დამონტაჟდება, რაც ხარისხიანი და კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოებას უზრუნველყოფს. ქარხნის მშენებლობა 18 თვეში დასრულდება და იქ 200 ადგილობრივი მოქალაქე დასაქმდება.
წარმოებული პროდუქციით საქართველოს ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების, ასევე საკონსერვო საწარმოები მომარაგდება. საწარმოს მესვეურები პროდუქციის ექსპორტირებასაც გეგმავენ და მიიჩნევენ, რომ უახლოეს პერიოდში ქვეყნის საექსპორტო პოტენციალი 10 მილიონი ლარით გაიზრდება. პროექტს ქართულ-აზერბაიჯანული კომპანია Inter Glass Georgia ახორციელებს და მისი საინვესტიციო ღირებულება 30 მილიონი ლარია.
საქართველოს პრეზიდენტთან ერთად, ღონისძიებას ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური ესწრებოდა.