ევროზონის კრიზისის საპასუხოდ მსოფლიო ბანკი, ორი წლის განმავლობაში ევროპისა და ცენტრალური აზიის განვითარებადი ქვეყნებისთვის 27 მილიარდ დოლარს გამოყოფს.
"ევროზონის კრიზისის გავლენა დასავლეთ ევროპის ქვეყნებზე მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. თუმცა კრიზისი ასევე მნიშვნელოვან უარყოფით ზეგავლენას ახდენს აღმოსავლეთ ევროპის განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობაზე, განსაკუთრებით კი ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის უღარიბეს ფენაზე. მსოფლიო ბანკი ზრდის ამ რეგიონის დაფინანსებას, რათა ამ ქვეყნებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს კრიზისის დაძლევისთვის საჭირო რესურსები", - განაცხადა მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა რობერტ ზელიკმა.
ევროზონის კრიზისი ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონს სამი წყაროდან დააზარალებს. ეს წყაროებია: ფინანსური სისტემა, ვაჭრობა და ფულადი გზავნილები. თითოეული წყაროს მნიშვნელობა თითოეული ქვეყნის ინდივიდუალურ მახასიათებლებზეა დამოკიდებული.
"ევროზონასთან მჭიდრო კავშირების გამო, ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში 2012 წელს ეკონომიკური ზრდის ტემპი შესაძლოა შენელდეს. ბანკის დამატებითი დახმარება ხელს შეუწყობს ქვეყნებს შეინარჩუნონ ჯანსაღი ფისკალური სისტემა, განაგრძონ სტრუქტურული რეფორმები, უზრუნველყონ საკრედიტო რესურსების ხელმისაწვდომობა მცირე და საშუალო საწარმოებისთვის და მიზანმიმართული სოციალური პროგრამებით დაეხმარონ მოსახლეობის ყველაზე დაუცველ ფენებს", - აცხადებს მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ფილიპ ლე რუ.
მსოფლიო ბანკის საქმიანობა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ორიენტირებული იქნება: სტრუქტურულ რეფორმებზე და კერძო სექტორის მხარდაჭერაზე ინვესტიციების, შემოსავლების და სამუშაო ადგილების ზრდის შენარჩუნებაზე; არამდგრადი საბანკო სისტემის მქონე ქვეყნების საკონსულტაციო და საფინანსო მომსახურებაზე; და მოსახლეობის ყველაზე დაუცველი ფენებისთვის სოციალური სისტემის გაძლიერებაზე.
მსოფლიო ბანკი - რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკი და განვითარების საერთაშორისო ასოციაცია 2012-2013 ფისკალურ წლებში დაახლოებით 16 მლრდ აშშ დოლარამდე შეძლებენ გაზარდონ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის დაკრედიტება, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 4 მლრდ აშშ დოლარით მეტია. საკრედიტო რესურესების ეს ზრდა მიბმული იქნება საშუალოვადიან პოლიტიკასთან დაკავშირებულ რეფორმებთან, რომელთა მიზანია კონკურენტუნარიანობის ამაღლება, ჯანსაღი და მდგრადი ფისკალური კონსოლიდაციის ღონისძიებების გაძლიერება, საგანგებო მხარდაჭერის უზრუნველყოფა საბანკო კრიზისის ასაცილებლად (სავაჭრო დაფინანსების და მცირე და საშუალო საწარმოებისთვის საკრედიტო ხაზების დამტკიცების ჩათვლით) და სოციალური სისტემის რეფორმა დაზღვევის, ეკონომიკური ეფექტიანობის და მდგრადი განვითარების გასაუმჯობესებლად.
ასევე საინვესტიციო და საკონსულტაციო პროგრამის მოცულობამ მობილიზაციის ჩათვლით 2012-2013 ფისკალურ წლებში შესაძლოა 10 მლრდ აშშ დოლარს მიაღწიოს. აღნიშნული მოიცავს საკუთრივ IFC-ის ინვესტიციების ზრდას დაახლოებით 2 მლრდ აშშ დოლარით. IFC-ის საქმიანობა კრიზისზე რეაგირების მიმართულებით განპირობებულია ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში სისტემური ბანკების მნიშვნელობით და მოიცავს: მოკლევადიან დაფინანსებას და სავაჭრო დაფინანსების პროდუქტებს ლიკვიდობის პრობლემების, სასესხო/კაპიტალის ფინანსურ ინსტრუმენტებთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად და კაპიტალში ინვესტიციების განსახორციელებლად კაპიტალის ნაკლებობის შევსების, მცირე და საშუალო საწარმოების დაფინანსების და, ასევე, არასაფინანსო სექტორში არსებული კლიენტების მხარდაჭერის მიზნით.
პოლიტიკური რისკის დაზღვევის პროდუქტები რეგიონის ბანკებს ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში არსებული შვილობილი კომპანიების დაფინანსების შენარჩუნებაში ეხმარება. ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერის მიზნით მრავალმხრივი საინვესტიციო გარანტიების სააგენტო მომდევნო ორი წლის განმავლობაში რეგიონში საკუთარი მონაწილეობის გაზრდას 1 მლრდ აშშ დოლარით გეგმავს.
პარალელურად, მსოფლიო ბანკის ჯგუფი ასევე თანამშრომლობს განვითარებაზე ორიენტირებულ სხვა ბანკებთან, რათა ხელი შეუწყოს დასავლეთ ევროპის ბანკებს დარჩნენ აღმოსავლეთ ევროპაში და არ შეზღუდონ რეგიონის დაფინანსება. 16 იანვარს ვენაში გაიმართა მსოფლიო ბანკის ჯგუფის შეხვედრა ევროპული ბანკების საკოორდინაციო ჯგუფში შემავალი (ვენის ინიციატივა) ქვეყნების სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლებთან. შეხვედრის მიზანი იყო აღნიშნულ ქვეყნებს შორის სახელმწიფო პოლიტიკის კოორდინაციის გაძლიერება, რამაც შესაძლოა გავლენა იქონიოს ევროპის განვითარებად ქვეყნებზე.
აღნიშნულ შეხვდრაზე მიაღწიეს შეთანხმებას, რომ საერთაშორისო ინსტიტუტები შეაფასებენ რეკაპიტალიზაციის ერთიანი გეგმის გავლენას მასპინძელ ქვეყნებზე, რათა განისაზღვროს სისტემური რისკები და მომზადდეს შესაბამისი რეკომენდაციები. ისინი საჭიროების შემთხვევაში ფინანსურ მხარდაჭერას აღმოუჩენენ მასპინძელი ქვეყნების ბანკებს მათი მანდატის და საბალანსო უწყისის შესაძლებლობების ფარგლებში. ისინი ასევე შეთანხმდნენ, რომ მჭიდროდ ითანამშრომლებენ მაქსიმალური შედეგის მისაღწევად.