პარლამენტში "კარგი იდეების" გაფუჭების პროფესიონალები არიან, - ამის შესახებ ჯონდი ბაღათურიამ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე "სისხლის სამართლის კოდექსში" შესატანი ცვლილებების განხილვისას აღნიშნა.
"პარლამენტში გადავიქეცით პროფესიონალებად კარგი იდეების გაფუჭების, კასტრირების. დღეს, ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომელმაც უნდა შეამსუბუქოს ეკონომიკური დანაშაული, მაგრამ რეალურად ეს არაფერს ნიშნავს იმდენად მცირედ ხდება გაზრდა", - აღნიშნა ბაღათურიამ.
ამასთან, დეპუტატის თქმით, იმისთვის რომ რეალური შედეგი დამდგარიყო, აუცილებელი იყო ეკონომიკურ დანაშაულზე თანხების მინიმუმ გორმაგებულიყო კანონპროექტში ჩაწერილ თანხებთან შედარებით.
"ამაში ჩვენ უმცირესობას ვერ დავადანაშაულებთ, მაგრამ ახლა რომ გავაფორმოთ, თითქოს რაღაც შედეგი დადგა, მხარი დაგიჭიროთ და ტაში დაგიკრათ ჩვენი მხრიდან პოლიტიკური შეცდომა იქნება. 25 ათასი დამატება არაფერს არ ნიშნავს, მინიმუმ ეს თანხები უნდა გაორმაგდეს", - აღნიშნა ბაღათურიამ და აქვე დასძინა, რომ მსგავსი სახის დანაშაულებებზე მხოლოდ ეკონომიკური სანქციები უნდა იყოს დაწესებული და არა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.