დასავლურმა სადაზვერვო სააგენტოებმა ვროპის თავდაცვის კომპანიების ხელმძღვანელები გააფრთხილეს, რომ რუსეთმა მათი ფიზიკური ლიკვიდაციის მცდელობები გაააქტიურა. გაფრთხილების შემდეგ კომპანიებმა ტოპმენეჯერების პირადი უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს.
როგორც Financial Times ხუთი ევროპული სადაზვერვო სამსახურის წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს, კრემლმა ევროპაში დივერსიული და ჰიბრიდული ოპერაციების მასშტაბის გაფართოების განკარგულება გასცა. მიზანი, წყაროების თანახმად, უახლოეს თვეებში უკრაინის მხარდაჭერის მნიშვნელოვნად შესუსტებაა.
გამოცემის ინფორმაციით, ამ გეგმების უფრო მნიშვნელოვან ნაწილად იქცა ევროპაში სამოქალაქო პირებზე თავდასხმებიც - ქმედებები, რომლებიც მანამდე რუსეთის სპეცსამსახურებისთვისაც კი მიუღებლად მიიჩნეოდა.
გამოცემის ცნობით, საფრთხე მხოლოდ მსხვილი შეიარაღების მწარმოებლების ხელმძღვანელებს არ ეხებათ. რუსეთის სამიზნეში შესაძლოა მცირე თავდაცვითი კომპანიების ხელმძღვანელებიც აღმოჩნდნენ, განსაკუთრებით იმ საწარმოებიდან, რომლებიც დრონებსა და მათ კომპონენტებს აწარმოებენ.
ევროპული სადაზვერვო სამსახურების წარმომადგენლების განცხადებით, ამ ოპერაციებს, სავარაუდოდ, რუსეთის სამხედრო დაზვერვა ხელმძღვანელობს. წყაროების თანახმად, ის სულ უფრო მჭიდროდ თანამშრომლობს ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფებთან და იყენებს სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედ ქსელებს, რათა დაზვერვის, ლოჯისტიკისა და თავდასხმების დაგეგმვის ამოცანები სხვადასხვა ჯგუფს გადაუნაწილოს.
გერმანიის შიდა დაზვერვამ თავდაცვითი კომპანიების ხელმძღვანელებთან მუშაობა გაააქტიურა და მათ პირადი დაცვის სამსახურების დაქირავება ურჩია. რამდენიმე კომპანიის ხელმძღვანელმა Financial Times-ს განუცხადა, რომ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს, ზოგიერთმა კი პირადი დაცვა მხოლოდ საზღვარგარეთ გამგზავრებისას გააძლიერა.
ევროპული დაზვერვის ერთ-ერთი წარმომადგენლის შეფასებით, საფრთხე ახლა როგორც ქონებას, ისე ადამიანებს ემუქრება. წყაროების თქმით, რამდენიმე შესაძლო ოპერაციის გამოვლენა და აღკვეთა დროულად მოხერხდა, თუმცა მუქარების ერთ-ერთი მიზანი თავდაცვითი კომპანიების დაშინება და უკრაინასთან თანამშრომლობისგან მათი შეკავებაა.
ევროპული სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ რუსეთის მიდგომის მთავარი თავისებურება ისაა, რომ სასურველი შედეგის მისაღწევად თავდასხმის მცდელობის ბოლომდე მიყვანაც კი აუცილებელი არ არის.
„რუსეთის თვალსაზრისით, მთავარი მიზანი ფსიქოლოგიურია. ისინი მიზანს მხოლოდ იმითაც აღწევენ, რომ ადამიანებს პოტენციურ სამიზნეებად აგრძნობინებენ თავს. სურთ, ადამიანები ორჯერ დაფიქრდნენ, სანამ უკრაინასთან თანამშრომლობას გადაწყვეტენ“, - განუცხაად გამოცემას დაზვერვის ერთ-ერთმა თანამშრომელმა.