„ქართული პარტიის" პრეს-სპიკერი ირაკლი კორძაია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პედაგოგების უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს. მისი განცხადებით, მიმდინარე სასწავლო წლიდან 70 ათასს პედაგოგს, მათ დაუკითხავად, ხელფასიდან ყოველთვიურად სამი ლარი ჩამოეჭრება და შაშკინის უწყების არაოფიციალური დირექტივის საფუძველზე, ეს თანხა კომპანია „ჯეოსელის" ანგარიშზე ჩაირიცხება.
„განათლების სამინისტრო და მისი ხელმძღვანელი დიმიტრი შაშკინი სახელმწიფო მონოპოლიაშია ჩართული. სასწავლო წლის დასაწყისში საჯარო სკოლების დირექტორებმა სამინისტროდან მიიღეს დავალება, რომ უკლებლივ ყველა პედაგოგი „ჯეოსელის" აბონენტი განხდარიყო", - განაცხადა ირაკლი კორძაიამ 3 ოქტომბერს გამართულ ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან საჯარო სკოლებში გაგზავნილი დირექტივა ზეპირსიტყვიერია და მისი კანონიერება მეტად საეჭვოა. როგორც პარტიის პრეს-სპიკერმა აღნიშნა, საქართველოში, „ჯეოსელის გარდა" კიდევ ორი ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანია ფუნქციონირებს, მაგრამ სამინისტრომ ყოველგვარი ტენდერის გარეშე უპირატესობა „ჯეოსელს"მიანიჭა და ამ ნაბიჯის საჭიროება პედაგოგებს შორის კომუნიკაციის გამარტივების აუცილებლობით ახსნა.
ირაკლი კორძაიას განცხადებით, „ქართული პარტია" ოფიციალური წერილით მიმართავს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, რომლითაც მოითხოვს ზემოთ აღნიშნული გადაწყვეტილების დეტალურ ახსნას.
„იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი ვარაუდი გამართლდა, სამინისტროს ამ გადაწყვეტილებას სამართლებრივი მსვლელობა მიეცემა", - დასძინა ირაკლი კორძაიამ.