რუსეთის ფედერაცია 4 ოქტომბერს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე საქართველოსა და მის სეპარატისტულ რეგიონებს შორის კვლავ თავდაუსხმელობის ხელშეკრულების გაფორმებას მოითხოვს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ჟენევის მოლაპარაკებებზე რუსული დელეგაციის თავმჯდომარე გრიგორი კარასინი დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ჟენევის მოალაპარაკებათა თანათავმჯდომარეებს შეხვდა. მან პიერ მორელთან და ფილიპ ლეფორთან (ევროკავშირი), ანტი ტურუნენთან (გაერო) და გენდრიუს ჩეკოპუოპოლისთან (ეუთო) ერთად მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი განიხილა.
"შეხვედრისას განიხილეს უსაფრთხოების თვალსაზრისით შექმნილი სიტუაცია საქართველოს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრებზე. ისაუბრეს ასევე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების შეხვედრებზე", _ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში და იქვე ხაზგასმით აღნიშნულია, რომ რუსული მხარე მიიჩნევს "დაეთმოს განსაკუთრებული ყურადღება რესპუბლიკებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის ძალის გამოუყენებლობის პრინციპის ფიქსაციაზე რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებისათვის".
მასალის გამოყენების პირობები