პოლიტოლოგ ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ტუვალუს მხრიდან სეპარატისტული აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება იძულებით მოხდა. როგორც სესიაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას განაცხადა, პატარა ქვეყნები ფულის შოვნისა და თვითგადარჩენის მიზნით ასეთ ხერხებსაც მიმართავენ.
"ფული ჯოჯოხეთს ანათებს. ტუვალუმ ნებსით თუ უნებლიეთ ეს აღიარება გააკეთა. ჩვენი ქვეყნისათვის ეს არაფერს ცვლის. მსოფლიოში ამგვარი აღიარებები ბიზნესად იქცა საკუთარი გადარჩენის მიზნით", - განაცხადა სესიაშვილმა.
წყნარი ოკეანის სახელმწიფომ სახელად - ტუვალუმ სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა. ეს განცხადება სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა მაქსიმ ღვინჯიამ გააკეთა.
ერთოვლივ განცხადებას აფხაზეთსა და ტუვალუს შორის 18 სექტემბერს სოხუმში მოეწერა ხელი. დოკუმენტს ხელი სეპარატისტთა მხრიდან ე.წ. პრემიერ-მინისტრმა სერგეი შამბამ და ტუვალუს პრემიერ-მინისტრმა ვილი თელავმა მოაწერეს ხელი.
ტუვალუ - წყნარი ოკეანის ცენტრალური ნაწილის კუნძულოვანი სახელმწიფოა. სულ სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარებული აქვთ: რუსეთს, ნიკარაგუას, ვენესუელას, ნაურუს და ვანუატუს. მათ რიცხვს კი უკვე ტუვალუც შეემატა.