რონი ფუქსის მიმართ არაჰუმანურ მოპყრობას გასულ შაბათს, კვირასა და ორშაბათს 3 ან 4 შავ ფორმაში ჩაცმული ნიღბიანი ახორციელებდა. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ისრაელის დაკავებული მოქალაქეების, რონი ფუქსისა და ზეევ ფრენკელის ადვოკატმა არჩილ კბილაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, საქართველოში ისრაელის საელჩოს განცხადება კონრეტულად შეეხება რონი ფუქსის მიმართ განხორციელებულ არაჰუმანურ მოპყრობას.
"აღნიშნულ დღეებში მის საკანში შედიოდა შავ ფორმაში ჩაცმული ნიღბიანი სამი ან ოთხი ადამიანი, რომლებიც ძირს ყრიდნენ მის პირად ნივთებს, სალოცავებს, წიგნებს, მედიკამენტებს, ტანსაცმელს თუ საწოლის ნივთებს. მას საცვლების ამარა ნახევარი საათით ან ერთი საათი სახით კედლისკენ აყენებდნენ და ლანძღავდნენ და აგინებდნენ. ასეთი რამ შაბათ ღამეს ერთხელ მოხდა ღამის ორ საათზე, კვირას ორჯერ მოხდა ღამის 2 საათზე და 5-ის ნახევარზე, ხოლო ორშაბათს პირველიდან 6-ის ნახევრამდე სამჯერ განმეორდა. მოხდა წამლის ჩადების იმიტაციაც. ფუქსი იხსენებს, რომ ერთ-ერთმა ნიღბიანმა ჯიბიდან ამოიღო ვერცხლისფერ ქაღალდში გახვეული რაღაც ნივთიერება და ჰკითხა - თუ იცოდა რა იყო. ფუქსმა უპასუხა, რომ არ იცოდა, რაზეც ნიღბიანმა მიუგო, რომ ეს იყო კოკაინი. შემდეგ შარვალის ჩვენება მოსთხოვა და ჯიბეში ჩაუდო და უთხრა, რომ ორი წელი ციხეში იქნებიო... ფუქსის თქმით, როდესაც შეამოწმა შარვალი, ჯიბეში არაფერი იყო, თუმცა ფაქტია, რომ ეს მოქმედება მოხდა. ეს იყო ყველაზე მძიმე გამოვლინება იმ ფაქტების, რომლებსაც ადგილი ჰქონდა აღნიშნულ დღეებში", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას კბილაშვილმა.
მისი თქმით, აღსანიშნავია ისიც, რომ მას დიაბეტი აქვს და თუკი ადრე ნაკლებად მარილიანს და ნაკლებად შაქრიანს აწვდიდნენ პროდუქტს, ეს გაუუქმეს.
"თუკი ადრე ეზოში თავისუფალი გასეირნების საშუალება ჰქონდა, როგორც ყველა პატიმარს, ეს უფლება შეუზღუდეს და გარკვეული საათები გამოუყვეს ამისთვის. თუკი ადრე მას შეეძლო, რომ კვირაში ორჯერ ესარგებლა ტელეფონით, ამჟამად თვეში სამჯერ აქვს დარეკვის უფლება. ყოველ 10-15 წუთში ამოწმებენ და არ აძლევენ ვინმესთან ლაპარაკის უფლებას. მე ამის თაობაზე ვაცნობე ელჩს. მან არ დაიჯერა, რომ ეს შეიძლებოდა ასე ყოფილიყო. ამიტომ, ის სამშაბათს პირადად შეხვდა პატიმარს, რომელმაც თავისი ხელწერილი გადასცა აღნიშნული ფაქტების დეტალური აღწერით, სადაც დროც იყო მითითებული. ეს ინფორმაცია ელჩმა გადასცა ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს, პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს, ასევე ოჯახის წევრებსა და მედიას. აღნიშნული ფაქტების გამო ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელსაც შეხვდა. მან წერილები გაუგზავნა პრობაციისა და იუსტიციის სამინისტროებს. დანარჩენ რეაქციას უკვე მოელიან ისრაელის სამთავრობო წრეები", - განაცხადა კბილაშვილმა და დასძინა, რომ ის ბოლოს პატიმარს 2-3 საათის წინ ესაუბრა.
კბილაშვილისვე თქმით, ფრენკელის მიმართ მსგავსი მოპყრობები არ ხორციელდება, თუმცა წვრილმანი ყოფითი პრობლემები მასაც აქვს.
"ფუქსიც და ფრენკელიც იმყოფებოდნენ ქსნის #12 საპყრობილეში ერთად, მაგრამ 14 სექტემბერს, სრულიად მოულოდნელად ფრენკელი გადაიყვანეს ტყიბულში. წვრილმანი ყოფითი პრობლემები მასაც გააჩნია. სანამ ეს პრობლემები იჩენდა თავს, მათ მიმართ დაწესებულებას ძალიან კარგი მოპყრობა ჰქონდათ. ჩვენ ყოველთვის აღვნიშნავდით, რომ ქსნის ადმინისტრაცია დაკავებულების მიმართ ძალიან ჰუმანურ მოპყრობას ამჟღავნებდა. ჩვენ არ გვგონია, რომ ციხის ადმინისტრაციას ყავდეს ასეთი ფორმირებები. ვფიქრობთ, რომ ეს არ არის ადგილობრივი ლოკალური პრობლემა", - აღნიშნა ადვოკატმა.
ისრაელის საელჩო საქართველოში აღშფოთებას გამოთქვამს ციხეში ისრაელის მოქალაქეების, რონ ფუქსისა და ზეევ ფრენკელის მიმართ უხეშ და არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით. საელჩოს მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ისრაელის საელჩომ საპროტესტო წერილები უკვე გაუგზავნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სახალხო დამცველს.
შეგახსენებთ, რომ ისრაელის მოქალაქეები ქართველმა სამართალდამცველებმა ბათუმში, გასული წლის 14 ოქტომბერს დააკავეს. მათ მაღალი თანამდებობის პირისთვის ქრთამის შეთავაზება ედებათ ბრალად. რონი ფუქსისა და ზეევ ფრენკელის დაკავება თელ-ავივში სამთავრობო დონეზეა აყვანილი. აღნიშნულის მიუხედავად, თბილისის საქალაქო სასამართლომ ისრაელის მოქალაქეებს რამდენიმე კვირის წინ პატიმრობა შეუფარდა.
სასამართლოს მიერ გაცხადებული ოფიციალური გადაწყვეტილების საფუძველზე, ფუქსს პატიმრობის ვადად 7 წელი, ფრენკელს კი 6 წელი განესაზღვრა. გარდა ამისა, ორივე მსჯავრდებულს ფულადი ჯარიმის გადახდაც მოუწევს - ფრენკელს 100 ათასი ლარის, ფუქსს კი 500 ათასი ლარის ოდენობით.