აშშ-ში სამუშო ვიზიტის ფარგლებში ვიცე პრემიერ-მინისტრი გიორგი ბარამიძე ლიტვის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში დელეგაციის ხელმძღვანელის მიწვევით ლიტვური დიასპორის ოფიციალურ შეხვედრას დაესწრო, რომელიც ლიტვის თავისუფლებისათვის მებრძოლთა პატივის მისაგებად ქ. ჩიკაგოში გაიმართა, სადაც ნახევარ მილიონზე მეტი ლიტველი ამერიკის მოქალაქე ცხოვრობს და ყველაზე დიდ ლიტვურ სათვისტომოს წარმოადგენს.
შეხვედრაზე გიორგი ბარამიძემ მადლობა გადაუხადა ლიტველ ხალხს, ლიტვის პარლამენტს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისათვის, პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციისათვის, რომელიც გმობს ჩვენი ქვეყნის 20%-ის ოკუპირებას, ყურადღება გაამახვილა ლიტველი და ქართველი ხალხის ისტორიულად ჩამოყალიბებულ კულტურულ, პოლიტიკურ და ბიზნეს ურთიერთობებზე და მათი განვითარების პერსპექტივებზე.
ლიტვის დიასპორის ხელმძღვანელებმა გამოთქვეს სურვილი და მზადყოფნა აქტიურად ითანამშრომლონ ქართულ დიასპორასთან ჩიკაგოში, გააღრმავონ კულტურული, ბიზნეს და სხვა ურთიერთობები, დამატებით წარმოაჩინონ საქართველო და მისი პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები აშშ-ის პოლიტიკურ წრეებში.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ვიცე პრემიერ-მინისტრი ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა ჩიკაგოში ქართულ სამლოცველოში და დიასპორის შეკრების ცენტრში გაიმართა.
გიორგი ბარამიძემ შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების, ანტიკორუფციულ, პოლიციის, სასამართლო სისტემის, ჯანდაცვის, განათლების და სხვა სფეროებში წარმატებით მიმდინარე რეფორმებზე, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების აუცილებლობასა და საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე.