გაეროს გენერალური ასამბლეა 19-23 სექტემბერს გაიმართება. ამის შესახებ დღეს გამართულ ტრადიუციულ ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ქართული დელეგაციები საკმაოდ წარმომადგენლობითია და გაეროს გენერალური ასამბლეა იძლევა იმის საშუალებას, რომ საქართველომ უფრო გააფართოვოს და გააღრმავოს დიპლომატიური ურთიერთობები გაეროს წევრ ქვეყნებთან.
"გაეროს 66-ე გენერალური ასამბლეა 19-23 სექტემბერს გაიმართება. მოგეხსენებათ, რომ ასამბლეაზე მსოფლიო ლიდერებს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიმართავს. საკმაოდ წარმომადგენლობითი იქნება საგარეო უწყების დელეგაცია აღნიშნულ სესიაზე, რათა კიდევ უფრო გავაფართოვოთ და გავაღრმავოთ ურთიერთობები გაეროს წევრ ქვეყნებთან. პრეზიდენტსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციას მრავალი შეხვედრა აქვს დაგეგმილი სესიის ფარგლებში ", - განაცხადა კალანდაძემ.
მისივე თქმით, 20 სექტემბერს ღია მმართველობის პარტნიორობის ინიციატივის საზეიმო გახსნა მოხდება გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში.
"ღია მმართველობის პარტნიორობის ინიციატივის შექმნის იდეა ბარაკ ობამასა და ბრაზილიის პრეზიდენტისგან მოდის და ის გულისხმობს დემოკრატიული სახელმწიფოების ერთ ქუდ ქვეშ მოქცევას. ინიციატივაში მოწვევა მოუვიდა საქართველოსაც, რომელსაც საქართველო გასულ კვირას ოფიციალურად შეუერთდა. საზეიმო გახსნას პრეზიდენტიც დაესწრება", - აღნიშნა კალანდაძემ.