„ქრისტიან-დემოკრატების" წევრი მაგდა ანიკაშვილი მოითხოვს, რომ სახელმწიფო დაზღვევის პროგრამა ხანდაზმულებსაც შეეხოს.
შესაბამისი წინადადება ანიკაშვილმა პარლამენტის დღევანდელ სესიაზე გაახმაურა და აქვე განმარტა, რომ ინიციატივა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში თელაველ ხანდაზმულებს უკვე გააცნეს.
„ ქრისტიან-დემოკრატები" ვითხოვთ, ყველა პენსიონერმა მიიღოს ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისი. ისარგებლოს ისეთი სერვისებით, როგორითაც სარგებლობენ უმწეოები და ამას დაემატოს მედიკამენტების უფასოდ მიღების პაკეტიც", - განმარტა ანიკაშვილმა.
მედიკამენტების კონტექსტში საუბრისას, დეპუტატმა ისიც აღნიშნა, რომ 25-ლარიანი პაკეტი, რომელიც წამლების უფასოდ მიღებისთვის არის გათვალისწინებული, საკმარისი არ არის და ის უნდა გაიზარდოს.
„ეს ინიციატივა თელავში, საარჩევნო კამანიის ფარგლებში გავაცანით ხანდაზმულ ადამიანებს და აღმოჩნდა, რომ ეს მათთვის არაჩვეულებრივი გამოსავალია. ისინი მიიჩნევენ, რომ ამ იდეის განხორციელებით შესაძლებელი გახდება ის მცირე პენსია, რომელიც მათ აქვთ, სხვა რამისთვის გამოიყენონ და არა მკურნალობასა და წამლებზე დახარჯონ", - აღნიშნა ანიკაშვილმა.