საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სპეციალური მოწვევით, 22-26 სექტემბერს თბილისს კვიპროსის ეკლესიის მეთაური, მთავარეპისკოპოსი ხრიზოსტომოს მეორე ეწვევა.
როგორც „ჯი-ეიჩ-ენს"კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა განუცხადა, ვიზიტის ფარგლებში, კვიპროსის ეკლესიის მეთაური შეხვედრებს როგორც საქართველოს საპატრიარქოს და წმინდა სინოდის წარმომადგენლებთან, ისე ხელისუფლების ოფიციალურ პირებთან გამართავს.
„განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ღალიის მონასტრის კონსერვაციის პროცესი და ამავე დაბაში დაგეგმილი ახალი ქართული ეკლესიის მშენებლობის საკითხები იქნება", - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს" კვიპროსში საქართველოს ელჩმა.
მისივე თქმით, ღალიის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი ქართული ტაძრის მშენებლობის დაწყებისთვის საჭირო პროცედურებზე მუშაობა, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე დასრულდება.
„ქართული მონასტრის მშენებლობის საკითხზე, რაც აუცილებლად ქართული არქიტექტურით აშენდება, ჩვენს ეკლესიებს შორის პრინციპული თანხმობა უკვე მიღწეულია. დღეისთვის იმ პროცედურების გავლა მიმდინარეობს, რომელიც მშენებლობის დაწყებისთვისაა საჭირო. ეს ერთ-ერთი რთული და შრომატევადი პროცესია. ველოდებით, როდის გადმოგვეცემა სპეციალურად შერჩეული ტერიტორია, რაც, სავარაუდოდ, ხანგრძლივი - 49 წლიანი მმართველობის ფორით მოხდება და რასაც, კვიპროსის მთავრობის სათანადო გადაწყვეტილება სჭირდება. უკვე შემდეგი ეტაპია პროექტის შემუშავება, რომელიც, იქედან გამომდინარე, რომ რელიეფი არც ისე მარტივია, ადვილი არ იქნება", - განმარტა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში დიპლომატმა.