საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკა რურუა "გარდიანში" ღია წერილს აქვეყნებს. წერლით ნიკა რურუა ბრიტანელ მსახიობებს ვანესა რედგრეივს, ალან რიკმანსა და ტელმა ჰოლტს რობერტ სტურუას რუსთაველის თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზის შესახებ პასუხობს.
"ვეთანხმები ბრიტანელ მსახიობებს, რომ რობერტ სტურუამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული და მსოფლიო ხელოვნების განვითარებაში, მაგრამ მათ არ აქვთ გათვითცნიბიერებული სტურუას ბოლო გამოსვლები. სხვადასხვა ინტერვიუებში, მან შეურაცხმყოფელი კრიტიკა გამოთქვა ეთნიკური უმცირესობების მისამართით და განაცხადა, რომ მას არ სურს ქვეყანას ყავდეს ეთნიკური უმცირესობის (განსაკუთრებით სომეხი) წარმომადგენელი პრეზიდენტი", - აღნიშნულია რურუას წერილში.
მისი აზრით, მრავალეროვან საქართველოში ასეთი გამოსვლები ეთნიკური უმცირესობების წინააღმდეგ გამოსვლები არის პროვოკაციული და საშიში.
"საქართველოში გამოხატვის თავისუფლებაა, მაგრამ სახელმწიფო მოღვაწის მხრიდან ქსენოფობიური განცხადებების კეთება მიუღებელია", - წერს რურუა.
შეგახსენებთ, რომ ცნობილმა ბრიტანელმა მსახიობებმა ვანესა რედგრეივმა, ალან რიკმანმა და ტელმა ჰოტმა რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტიდან რობერტ სტურუას გათავისუფლების შესახებ "გარდიანში" წერილი გამოაქვეყნეს.
"ჩვენ შოკში ჩავარდით, როდესაც საქართველოს კულტურის მინისტრმა ქსენოფობიური განცხადებების ბრალდებით რობერტ სტურუა რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტიდან გაათავისუფლა. ეს მის მიერ ხელისუფლების კრიტიკის შემდეგ მოხდა. ჩვენი ურთიერთობა საერთაშორისო დონეზე აღიარებულ რეჟისორთან დაიწყო 1979 წელს, როდესაც მან ლონდონში რიჩარდ III "ჩამოიტანა". ამ სპექტაკლმა საერთაშორისო დაძაბულობის დროს დიდი აღიარება მოიპოვა", - აღნიშნულია ბრიტანელი მსახიობების წერილში.
რედგრეივი, რიკმანი და ჰოტი წერენ, რომ სტურუას გათავისუფლება ქსენოფობიის მიზეზით, მისი მოხსნისთვის ხოლოდ საბაბი იყო.
"ეს ბრალდება მხოლოდ საბაბია ქართული თეატრის საქვეყნოდ აღიარებული განძის მოსაშორებლად. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სტურუას გათავისუფლების გადაწყვეტილებას გადახედავს და სათანადო გადაწყვეტილებას მიიღებს", - აღნიშნულია წერილში.