რობერტ სტურუას გათავისუფლება კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა რუსთაველის თეატრის წინ კიდევ ერთხელ გააპროტესტეს. თეატრის შენობასთან მსახიობები და საზოგადო მოღვაწეეები შეიკრიბნენ, რის გამო რუსთაველის გამზირი გადაიკეტა.
როგორც ჟანრი ლოლაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, მსახიობები ხელისუფლებას სცენიდან უნდა ელაპარაკებოდნენ და მათ აქციაზე დგომა არ უნდა უწევდეთ, თუმცა "სხვა გზა არ აქვთ".
"ჩვენ მსახიობები სცენიდან უნდა ველაპარაკებოდეთ მათ, თუმცა ისინი რეგვენები არიან და ვერ იგებენ. აქედან გამომდინარე, აქ გვიწევს შეკრება, თუმცა მე უფრო მეტ ხალხს ველოდებოდი", - განმარტა ლოლაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა შეკრებას პირობითად სახელწოდებაც შეურჩიეს და "პაემანი" უწოდეს. მას დიმა ჯაიანი უძღვებოდა. ჯაიანის თქმით, რობერტ სტურუა ისევ რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია და მსახიობები თეატრში დაბრუნებას მის გარეშე არ აპირებენ.