რეჟისორმა რობერტ სტურუამ "რია ნოვოსტის" პრესცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე ოჯახზე, მეგობრებსა და ბოლო სპექტაკლზე ისაუბრა.
"ძალიან მომწონს ის ფაქტი, რომ შემიძლია ავირჩიო მეგობრები, რასაც "ფეისბუქის" მეშვეობით თავისუფლად ვახერხებ. იქ 5000 მეგობარი მყავს, სადაც ბევრი ახალგაზრდაცაა და ღიად ვსაუბრობ მათთან სხვადასხვა საკითხზე", - განაცხადა სტურუამ.
კითხვაზე - რას ელის მომავალში, რეჟისორი აცხადებს: "თუ ჩემს 7 წლის შვილიშვილს ნარკოტიკს არ ჩაუდებენ, ან მეორე გოგონას იარაღს არ აღმოვუჩენთ ჩანთაში, ძალიან მოხარული დავრჩები".
შეგახსენებთ, რომ ბოლოს, რობერტ სტურუამ რუსთაველის თეატრის სცენაზე "ნადირობის სეზონი" დადგა.
"ერთხელ ვითამაშეთ ოთარ ჭილაძის "ნადირობის სეზონი". ვფიქრობ, სიმბოლური სახელწოდებაა. ეს სპექტაკლი ჩემს შემოქმედებაში სიახლეა. ამ წარმოდგენის შემდეგ ძალიან აფორიაქებული მაყურებელი ვნახე. უჩვეულო სპექტაკლი გამომივიდა. ერთხელ კიდევ ვნახავ, შევცვლი რაღაცებს და შევაფასებ", - განაცხადა სტურუამ.