მექსიკას ორგანიზებულ დანაშაულთან და კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმების გამოცდილების გაზიარება სურს.
მექსიკის მხარე ამ მიმართულებით საქართველოში გატარებული რეფორმებით საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრისას დაინტერესდა, რომელიც მექსიკის შეერთებულ შტატებში 22-23 აგვისტოს გაიმართა.
"მექსიკა დაინტერესდა საქართველოში განხორციელებული ყოვლისმომცველი რეფორმებით, განსაკუთრებით ორგანიზებულ დანაშაულთან და კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, რაც სამაგალითო შეიძლება გახდეს ცენტრალური ამერიკის სახელმწიფოებისათვის. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დააფიქსირა საქართველოს მზადყოფნა, თავისი გამოცდილება გაუზიაროს რეგიონის ქვეყნებს სამართალდამცავი სტრუქტურების ეფექტიანობის ამაღლების, ორგანიზებულ დანაშაულთან და კორუფციასთან ბრძოლის კუთხით", - ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში.
მექსიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში გრიგოლ ვაშაძე ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელ პატრიცია ესპინოზას და მექსიკის კონგრესის დეპუტატთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე პორფორიო მუნიოს ლედოს შეხვდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სიტყვითაც გამოვიდა მექსიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებულ მატიას რომეროს ინსტიტუტშიც.
გრიგოლ ვაშაძემ კმაყოფილებით აღნიშნა მექსიკის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. თავის მხრივ, მექსიკის მხარემ მადლიერება გამოხატა გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმირებასთან და კლიმატის ცვლილების საკითხებთან დაკავშირებით ქართული მხარის კონსტრუქციული პოზიციის გამო.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა დინამიური და ურთიერთსასარგებლო ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისათვის პოლიტიკური, ეკონომიკური, სავაჭრო და ჰუმანიტარული მიმართულებებით, მათ შორის, მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტებისა და პოლიტიკური კონსულტაციების გამართვის გზით. აგრეთვე, საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში მჭიდრო თანამშრომლობის კუთხით.