ბაქო-თბილისი-ყარსის შემაერთებელი სარკინიგზო მონაკვეთის პროექტის ფარგლებში, მარაბდა-კარწახის სარკინიგზო ხაზის მშენებლობა მიმდინარეობს.
"საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის მომსახურე კარწახის წევის ქვესადგურისათვის ენერგომომარაგების უზრუნველსაყოფად, 5კმ. სიგრძის 110 კილოვოლტიანი, ორჯაჭვიან ხაზის "თრიალეთიი" მშენებლობა მიმდინარეობს.
სსე-ში განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს ქვაბულების დამუშავების, საძირკვლების მონტაჟის და ანძების აწყობის სამუშაოები. აღნიშნულ გადამცემ ხაზზე სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები დაახლოებით ოქტომბრის ბოლოს დასრულდება. სამუშაოებს აწარმოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია "საქენერგორემონტი."
შეგახსენებთ, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის დასრულება 2012 წელს იგეგმება, თუმცა საქართველოს მონაკვეთზე 28-კილომეტრიანი ხაზის გადატანასთან დაკავშირებით პროცესი შესაძლოა გარკვეული პერიოდით შეყოვნდეს. პროექტში ჩართული მხარეები ვარაუდობენ, რომ მაგისტრალის მეშვეობით წელიწადში 1 მლნ. მგზავრს და 6,5 მლმ ტონა ტვირთს გადაზიდავენ. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის პროექტის ფარგლებში თურქეთში აშენდება სადგური, რომელიც ევრუპულ და პოსტსაბჭოთა სტანდარტების სარკინიგზო ხაზებს შეართებს. ამის შესახებ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭოს სამმხრივი სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი. საქართველოსა და თურქეთში გამავალი სარკინიგზო მაგისტრალის მთლიანი სიგრძე 245 კმ-ია. აქედან 175 კმ საქართველოს ტერიტორიაზე გადის, ხოლო 70 კმ რკინიგზა გაივლის თურქეთის ტერიტორიაზე.
რეაბილიტაცია უტარდება საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი რკინიგზის 150 კმ-იან მონაკვეთს. აღნიშნულ მონაკვეთზე დაგეგმილია 9 სადგურის განახლება. ახალქალაქი-კარწახის 25 კმ-იან მონაკვეთზე იგება სრულიად ახალი სარკინიგზო ხაზი. აღნიშნულ მონაკვეთზე აშენდება 2 ახალი სადგური და 4 ახალი ხიდი.
თურქეთი-საქართველოს საზღვარზე, კარწახში შენდება 4 კმ-იანი დამაკავშირებელი გვირაბი, რომლის ნახევარიც საქართველოს ტერიტორიაზე გაივლის, ნახევარი კი თურქეთის ტერიტორიაზე. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტი "ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის" მშენებლობის შესახებ საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთს შორის გაფორმებული საერთაშორისო შეთანხმების ფარგლებში ხორციელდება და საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის, როგორც ინფრატსრუქტურული ასევე რეიგონული მნიშვნელობის თვალსაზრისით უმნიშვნელოვანეს პროექტს წარმოადგენს.