"რუსეთი პოსტ-საბჭოთა კავშირს ქმნის", - ამ სახელწოდებით სტატიას გავლენიანი გამოცემა "Financial Times"-ი აქვეყნებს.
"ოცი წელი გახდა იმ დღიდან, რაც „კგბ"-ს მიერ ინსპირირებული გადატრიალება ჩაიშალა, რომლის მიზანიც რეფორმატორი საბჭოთა ლიდერის მიხეილ გორბაჩოვის დამხობა იყო. ის სამხედრო გენერლების, სპეცსამსახურების ხელმძღვანელებისა და კომუნისტი რეაქციონერების ჯგუფს უნდა შეეცვალა. ავანტიურა სამ დღეში ჩაიშალა, რამაც ბოლო მოუღო კომუნიზმს, ხოლო საბჭოთა კავშირი 15 დამოუკიდებელ სახელმწიფოდ დაიშალა
ოცი წლის შემდეგ რუსეთი პოსტ-საბჭოთა სივრცეში თავის სამხედრო, დიპლომატიურ და ეკონომიკურ გავლენას აღადგენს. ამ ფაქტის უხეში დადასტურება იყო 2008 წლის მოვლენები, როდესაც საქართველოსთან ომის შემდეგ კრემლმა ქართული სეპარატისტული რეგიონების - აფხაზეთის და სამხრეთ-ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. ახლა მოსკოვი უფრო მსუბუქ პროექტს ახორციელებს: „საერთო ეკონომიკურ ზონას", რომელიც გულისხმობს საქონლის, მომსახურების და კაპიტალის თავისუფალ გადაადგილებას რუსეთის, ბელორუსის და ყაზახეთის ტერიტორებზე", - ნათქვამია სტატიაში.
გამოცემის აზრით, ერთი შეხედვით ეს გეგმა ყველა ამ ქვეყნისთვის სასარგებლოა, რადგან ის საბაჟო კავშირის შექმნას გულისხმობს, რომელიც შარშან ამოქმედდა და თავისუფალი ერთიანი ბაზრის პერსპექტივას 165 მილიონი ადამიანისთვის, რაც ყოფილი საბჭოთა კავშირის მოსახლეობის დაახლოებით 60%-ია და თეორიულად ეს სტიმული უნდა გახდეს პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის... მაგრამ ამ პროცესს შეიძლება თან ახლდეს მოსკოვის მხრიდან ზეწოლა და რისკი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის.
"პოსტ-კომუნისტური რუსეთი არ მალავს საკუთარ მოსაზრებას, რომ ყოფილი ცარისტული და საბჭოთა იმპერიის უზარმაზარი ტერიტორიები მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სტრატეგიული ინტერესია, მაგრამ თუკი, როგორც ამას რუსი ჩინოვნიკები ამტკიცებენ, საბაჟო კავშირი ევროკავშირის კანონთა კრებულის მსგავს ნიშნებს ატარებს, ეს იმის იმედს აჩენს, რომ მოსკოვის მოტივები საფრთხეს არ შეიცავს. ამის კიდევ უფრო მყარ მტკიცებულებად კი ის გამოდგებოდა, თუკი კანონის უზენაესობა თავად რუსეთშიც დამკვიდრდებოდა. უფრო ძლიერი და ჯანსაღი დემოკრატია და სამოქალაქო წესრიგი რუსეთში ყველაზე უკეთ შეუწყობდა ხელს რუსეთის მეზობლების დარწმუნებას", - აღნიშნულია სარედაქციო წერილში, რომლის ქართულ თარგმანსაც "Foreignpress"-ი აქვეყნებს.