რუსეთი ვეფხვი არ არის, რუსეთი უფრო დათვთან ასოცირდება, „ქაღალდის დათვები“ არ არსებობენ და რუსეთი ნამდვილი დათვია, – ასე ეხმაურება კრემლის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას, რომ უკრაინის გაჭიანურებული ომი რუსეთს „ქაღალდის ვეფხვად“ წარმოაჩენს.
„რუსეთი ვეფხვი ნამდვილად არ არის. ბოლოს და ბოლოს, რუსეთი უფრო დათვთან ასოცირდება. „ქაღალდის დათვები“ არ არსებობენ, რუსეთი კი ნამდვილი დათვია“, - განაცხადა დმიტრი პესკოვმა.
პესკოვმა აღნიშნა, რომ შეზღუდვებისა და სანქციებთან დაკავშირებული „გარკვეული დაძაბულობის წერტილების“ მიუხედავად, რუსეთი ინარჩუნებს მდგრადობას და მაკროეკონომიკურ სტაბილურობას.
„არ დაგვავიწყდეს, რომ მსოფლიო სრულიად არაპროგნოზირებადი მაკროეკონომიკური სიტუაციის ეტაპზე გადავიდა. მსოფლიოში ეკონომიკური ანალიზის შესაძლებლობა გაქრა. ეკონომიკური ანალიტიკოსი რომ ვიყო, სხვა სამსახურს მოვეძებნიდი, რადგან პროგნოზირება შეუძლებელია“, - დასძინა მან.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში. დაწერა:„რუსეთი 3,5 წელია უაზროდ იბრძვის ომში, რომლის მოსაგებადაც ნამდვილ სამხედრო ძალას ერთ კვირაზე ნაკლები უნდა დასჭირვებოდა. ეს რუსეთის ძალას კი არ უსვამს ხაზს, არამედ პირიქით - მას "ქაღალდის ვეფხვად" წარმოაჩენს.
როდესაც მოსკოვში, დიდ ქალაქებში, პატარა დასახლებებსა და მთელ რუსეთში მცხოვრები ადამიანები გაიგებენ, რა ხდება რეალურად: რომ გრძელი რიგების გამო თითქმის შეუძლებელია საწვავის მიღება და რომ ომის ეკონომიკაში მათი ფული თითქმის სრულად იხარჯება უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლაზე, მაშინ მათთვის სიტუაცია უფრო თვალსაჩინო გახდება”, - განაცხადა ტრამპმა.