პროკურატურამ ცოლ-ქმრის, სოსო სუჯაშვილისა და ნანა ფირანიშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ გია ძლიერაშვილს ბრალდება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტებზე წარუდგინა.
როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, უწყება ძლიერაშვილის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 11 ნოემბერს, თბილისში, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში, ანგარებით, უძრავ ქონებასთან დაკავშირებით წარმოშობილი კონფლიქტის ნიადაგზე, ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ცოლ-ქმარს მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც ორივე მათგანი ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 12 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ლ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა ორი პირის მიმართ და ანგარებით) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.