ანდრეს ბრეივიკმა ნორვეგიელ სამართალდამცველებს მის მიერ ჩადენილი დანაშაული დეტალურად აღუწერა.
ამ მიზნით ნორვეგიის პოლიციამ ბრეივიკი გაძლიერებული დაცვის თანხლებით შემთხვევის ადგილზე - კუნძულ უტოიაზე ჩაიყვანა. დაკავებულმა დეტალურად აღწერა როგორ ჩაიდინა დანაშაული.
ნორვეგიული მედიის ინფორმაციით, მან პოლიციას უჩვენა, თუ როგორ იდგა მსროლელის პოზიციაში და უმიზნებდა წყალში მყოფ ადამიანებს, რომლებიც ცდილობდნენ მისგან თავის დაღწევას. საგამოძიებო ოპერაცია 8 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
შეგახსენებთ, რომ ანდრეს ბრეივიკმა 22 ივლისს ნორვეგიაში ორი ტერორისტული აქტი განახორციელა, რომლის მსხვერპლიც 77 ადამიანი გახდა. 69 ადამიანი მან კუნძულზე მოკლა, 8 კი, ოსლოში მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა.
32 წლის ბრეივიკი დანაშაულს აღიარებს და აცხადებს, რომ ის ტერორისტულ აქტს რამდენიმე წლის განმავლობაში ამზადებდა.