სურსათის ეროვნული სააგენტო სურსათის მწარმოებელი საწარმოების სახელმწიფო კონტროლს აგრძელებს. სააგენტოს ინფორმაციით, ამჯერად ინსპექტირება სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ყველის მწარმოებელ კომპანია შპს "სენეში" მიმდინარეობს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, შემოწმების პროცესს ასპინძის რაიონ სოფელ მირაშხანში სააგენტოს უფროსი დავით კობერიძე და მოადგილე ზურაბ ბეჟანიშვილი დაესწრნენ. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ინსპექტირება ჩატარდება, ასევე, ასპინძისა და ახალციხის რაიონებში რძისა და რძის პროდუქტების გადამამუშავებელ საწარმოებში.
"თუ ბიზნესოპერატორს აქვს შეუსაბამობა კანონმდებლობასთან მიმართებაში, ინსპექტორის მოვალეობაა, მიუთითოს ამ შეუსაბამობის შესახებ და ბიზნესოპერატორმა შესაბამის ვადაში მოახდინოს მისი აღმოფხვრა. როგორც სააგენტოსთვის, ისე ბიზნესოპერატორისთვის მნიშვნელოვანია, რომ ბაზარზე განთავსდეს უვნებელი სურსათი და ეს ამოცანა მიღწეულ იქნება მხოლოდ ურთიერთთანამშრომლობის გზით"_ აცხადებს სააგენტოს ხელმძღვანელის დავით კობერიძე.
"სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, 2011 წლის 3 იანვრიდან ძალაში შევიდა ყველა ტიპის სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელ საწარმოთა სახელმწიფო კონტროლი. ინსპექტირება უკვე განხორციელდა 125 მაღალი რისკის საწარმოში, როგორიცაა ხორცის, თევზისა და რძის გადამუშავება, სასაკლაოები და მეფრინველეობის ფაბრიკები, პურ-პროდუქტების წარმოება, სატბორე მეურნეობები, მარკეტები, აგრარული ბაზარი, საზოგადოებრივი კვების ობიექტები, ასევე საკონსერვო და საკონდიტრო წარმოება. აღმოჩენილ იქნა 14 კრიტიკული და 688 არაკრიტიკული შეუსაბამობა. გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები, ექსპლოატაცია შეუჩერდა 3 საწარმოს. მიმდინარე წელს სააგენტოს უფლებამოსილი მოხელეების მიერ დაგეგმილია 200-მდე მაღალი რისკის საწარმოს ინსპექტირება.