ექს-პრემიერისა და ოპოზიციის ლიდერის, იულია ტიმოშენკოს დაკავების მიმართ საერთაშორისო რეაქცია სინქრონული, წამიერი და ერთსულოვანი იყო. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" დეპუტატმა იულია ტიმოშენკოს ბლოკიდან განუცხადა.
მისივე თქმით, ასევე მყისიერი და ერთსულოვანი აღმოჩნდა რეაქცია უკრაინის საზოგადოებაშიც. ამასთან, დეპუტატის თქმით, მოსამართლეს უფლება არ ჰქონდა ე.წ. "მუქარების" გამო ტიმოშენკოსთვის თავისუფლების აღკეთის ზომა შეეფარდებინა.
"თუ ვიმსჯელებთ იმით, რომ სასამართლომ იულია ტიმოშენკოს წინააღმდეგ გამოიყენა დაკავების სანქცია არაფრისთვის, ნათელია, რომ ხელისუფლება წავა ნებისმიერ დანაშაულზე, მათ შორის გამამტყუნებენ განაჩენზეც", - აღნიშნა დეპუტატმა.
დეპუტატი იმასაც აცხადებს, რომ ხელისუფლებას ოპოზიციის ლიდერის ეშინია.
"სახელმწიფო ხელისუფლებას ოპოზიციის ლიდერის ეშინია და აკანკალებს. მე თქვენ გაწვდით ოფიციალურ ინფორმაციას, რომ მხოლოდ გუშინ აქ იყო 2 700 ბერკუტელი (მილიციის სპეცდანაყოფი). ბერკუტის ჯარების წარმომადგენელთა ასეთი კონცენტრაცია ერთ ადგილას უკრაინის ისტორიაში არასდროს არ ყოფილა, მათ შორის არც სწავლებების დროს და არც ნარინჯისფერი რევოლუციის პერიოდში", - განუცხადა მან "ჯი-ეიჩ-ენს".
სერგეი პაშინსკის განცხადებით, ხელისუფლებას სასამართლო პროცესის დასრულება 24 აგვისტოსთვის ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა "ეს არ გამოუვა".
"თუ ვიმსჯელებთ იმით, რომ სასამართლო პროცესი ყოველდღიუ რეჟიმში მიმდინარეობს, ცხადია, რომ მოსამართლეს მისი დასრულება რაც შეიძლება სწრაფად სურს. მინდა მივაქციო თქვენი ყურადღება იმ გარემოებას, რომ სასამართლო პროცესი უკრაინის პროცესუალური კოდექსის თანახმად უნდა მიმდინარეობდეს თანასწორი და შეჯიბრებითობის პრინციპით - ბრალდების მხარემ 37 მოწმის შესახებ განაცხადა, ჩვენ კი, ჩვენი მხრივ 30 მოწმე წარმოვადგინეთ. ჩვენგან პროცესზე მხოლოდ 2 დაუშვეს, ბრალდების მხარის მოწმეებს კი სასამართლო დღემდე ყოველდღიურად უსმენს. ამავე დროს, უმნიშვნელო არ არის ის გარემოებაც, რომ 37 მოწმიდან 35-მა ჩვენება ტიმოშენკოს სასარგებლოდ მისცა. ამას უნდა მიექცეს განსაკუთრებული ყურადღება", - განმარტა სააგენტოსთან საუბარში უკრაინელმა დეპუტატმა.
ამასთან, სერგეი პაშინსკის აზრით, ყველაზე მთავარი, რაც უნდა იცოდეს საზოგადოებამ ისაა, რომ ტიმოშენკოს საქმე სასამართლო დანაშაულის არსის ფორმულირების გარეშე განიხილავს.
"როცა ჩვენ ვიკითხეთ, რაში მდგომარეობს დანაშაულის არსი, მოსამართლემ განაცხადა, რომ საქმე განხილულ იქნება დანაშაულის არსის ფორმულირების გარეშე. დანაშაულში უნდა იყოს სამი შემადგენელი: თუ ეს განზრახ დანაშაულია, უნდა განისაზღვროს მისი არსი, შემადგენლობა და შედეგი. მოსამართლე კირეევმა განაცხადა, რომ დანაშაულის შემადგენლობა არის საკუთარი რეიტინგის ზრდა და პოპულარობის მოპოვება არჩევნების წინ, რაც წერია საბრალდებო დასკვნაში. მაგრამ დანაშაულის შემადგენლობა ფორმულირებული არ არის, ხოლო ზარალად მიჩნეულია გაზზე აზრთა სხვაობა. ნებისმიერ თანამდებობრივ დანაშაულში უნდა იყოს პირადი მოგება ან გამორჩენა, საბრალდებო დასკვნის მიხედვით კი, იულია ტიმოშენკოს პირადი მოგება არის არჩევნების წინ საკუთარი პოპულარობის ზრდა. ეს ყველაფერი ერთმანეთს ეწინააღმდეგება. გამოდის, რომ ტიმოშენკომ ჩაიდინა დანაშაული თავისი პოპულარობის ზრდისთვის? მაშინ იმთავითვე გასაგები ხდება, რომ სასამართლო პროცესი პოლიტიკურ ხასიათს ატარებს", - დასძინა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში პაშინსკიმ.