რუსი მილიარდერისა და პოლიტიკოსის, მიხეილ პროხოროვის შეფასებით, პოსტ-საბჭოთა სივრცეში ყველაზე წარმატებული რეფორმები საქართველოში განხორციელდა.
ამის შესახებ პროხოროვმა სააგენტო "ინტერფაქსის" ოფისში, ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა და აქვე აღნიშნა, რომ კორუფციასთან ბრძოლის საქართველოს ხელისუფლებისეული მეთოდები რუსეთისთვის მისაბაძი უნდა გახდეს.
"ჩემთვის ძალიან საინტერესოა სააქართველოს გამოცდილება კორუფციასთან წინააღმდეგ ბრძოლაში. მე პირადად არ მაქვს იქ ბიზნესი, მაგრამ ვესაუბრები ჩემს მეგობრებს, რომლებიც ამ ქვეყანაში მოღვაწობენ. მათ მითხრეს, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველაზე კორუმპირებულმა რესპუბლიკამ 7 წელიწადში სრულად დაამარცხა კორუფცია. ინვესტორს არ ხვდება არავითარი დაბრკოლება. ჩემი აზრით, ეს მართლაც დიიდ მიღწევაა", - აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ პროხოროვმა ცოტა ხნის წინ საკუთარი პარტია შექმნა და არ დამალა, რომ რუსეთის პრემიერ-მინისტრობა სურს.