ტურიზმის ეროვნული სააგენტოსა და ტელეარხ "Travel Channel"-ის ერთობლივი ინიციატივით, საქართველოზე დოკუმენტური ფილმი "Essential Georgia" შეიქმნება, რომელიც "Travel Channel"-ის ეთერში გავა.
Travel Channel-ის გადაცემა ESSENTIAL ორიენტირებულია, აღმოაჩინოს და მაყურებელს გააცნოს ის საუკეთესო საშუალებები და დასასვენებელი ადგილები, სადაც ნებისმიერი ადამიანი შეძლებს დროის განუმეორებლად გატარებას და საუცხოოდ დასვენებას. ამჯერად ამ სატელევიზიო გადაცემის კიდევ ერთი სერიის გადაღება, რომელსაც Essential Georgia ერქმევა, საქართველოში იგეგმება. გადამღები ჯგუფი იმოგზაურებს კახეთში, სვანეთში, ბათუმში, გადაიღებს გორსა და თბილისს.
ფილმი Travel Channel-ის მეშვეობით 117 ქვეყანაში 18 ენაზე გადაიცემა და გათვლილია 59 მილიონ მაყურებელზე. ფილმი 1 წლის განმავლობაში 60-ჯერ იქნება ნაჩვენები და პერიოდულად განმეორდება (მთლიანობაში, 3 წლის განმავლობაში). ტურიზმის ეროვნულ სააგენტოს გადაეცემა ფილმის მოკლე ვერსიები, რომლებიც ამავდროულად გავრცელდება Travel Channel-ის ვებგვერდზე.
ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება საქართველოს ცნობადობის გაზრდა და მისი, როგორც ტურისტული ქვეყნის იმიჯის პოპულარიზაციაა საერთაშორისო ბაზარზე. პროექტის განხორციელების მიზანიც სწორედ ამ მიმართულებას ემსახურება. საქართველოს შესახებ დოკუმენტური ფილმის აღნიშნულ ტელეარხზე ჩვენება პირდაპირ შეუწყობს ხელს ქვეყნის ტურისტული პოტენციალის, მისი კულტურული მემკვიდრეობისა და ტრადიციების, ღირსშესანიშნაობებისა და ტურისტული ატრაქციების პოპულარიზაციას, რაც ცალსახად განაპირობებს ქვეყანაში დამატებითი ტურისტული ნაკადების მოზიდვას სხვადასხვა ქვეყნიდან.