სს „იტერა - საქართველომ" ქალაქ ბორჯომში, პლატოზე მცხოვრები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გაზიფიცირება დაასრულა.
დასრულებული სამუშაოები ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა კობა სუბელიანმა და „იტერა-საქართველოს" გენერალურმა დირექტორმა დავით ბერაძემ 10 აგვისტოს მოინახულეს.
პროექტი მსოფლიო ბანკის ხელშეწყობითა და არასამთავრობო ორგანიზაციების - „თანადგომა ბორჯომი - 2010" და „დევნილთა თემის განვითარების ცენტრი" აქტიური მონაწილეობით განხორციელდა. პროექტის განხორციელებისთვის მსოფლიო ბანკმა 30 ათასი აშშ დოლარი გამოყო, ხოლო „იტერა - საქართველომ" 43 ათასი ლარის ინვესტიცია განახორციელა.
სამშენებლო სამუშაოები შპს „ბორჯომიგაზმა" შეასრულა. აბონენტებს კლიმატური პირობების გათვალისწინებით გერმანული წარმოების ელექტროკორექტული მრიცხველები G-4თ დაუმონტაჟდათ.
სამუშაოების დასრულების შედეგად, ბუნებრივი აირი პლატოზე მცხოვრებმა 49 ოჯახმა მიიღო, უახლოეს პერიოდში კი მათი რიცხვი 184-მდე გაიზრდება.