„თავისუფალი საქართველო"-ს მიერ ინიცირებული კანონპროექტების პაკეტი საარჩევნო კოდექსში და გამომდინარე კანონმდებლობაში ცვლილებების შესახებ პარლამენტში დარეგისტრირდა.
როგორც „ჯი-ეიჩ-ენს" პარტიიდან აცნობეს, კანონპროექტს თან ერთვის 45.000 ამომრჩევლის ხელმოწერა (კანონით სავალდებულოა 30.000). ყველა ხელმოწერა შესრულებულია კანონის მოთხოვნის თანახმად და დამოწმებულია საკრებულოების და ნოტარიუსის მიერ.
ხელმოწერები შეგროვებულია თბილისში და საქართველოს უკლებლივ ყველა რეგიონში აფხაზეთის ჩათვლით. ინიციატივას თან ერთვის გალის რაიონის მაცხოვრებელი საქართველოს 150-მდე მოქალაქის ხელმოწერა, რომელთა ნამდვილობაც დამოწმებულია წალენჯიხის რაიონში მოქმედი ნოტარიუსის მიერ.
კანონპროექტის მიხედვით საქართველოში უნდა შენარჩუნდეს 150 დეპუტატიანი პარლამენტი, რომელიც არჩეული იქნება რეგიონული პროპორციული სისტემით, საარჩევნო ადმინისტრაცია ჩამოყალიბდება პარიტეტის საფუძველზე, გამარტივდება საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები ქართველებისთვის მოქალაქეობის მინიჭების პროცედურა და შესაბამისად არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა.
ინიციატივის სრული ტექსტი განთავსებულია „თავისუფალი საქართველოს" ვებ გვერდზე: http://freegeorgia.ge/?menuid=22&lang=1
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით პარლამენტის საპროცედურო კომიტეტმა უნდა შეისწავლოს ხელმოწერების ნამდვილობა და შესაბამისი დასკვნის შემდეგ, კანონპროექტი უკვე არსებითი განხილვისთვის უნდა გადაეცეს ჯერ პარლამენტის კომიტეტებს, ხოლო შემდგომ გამოტანილი უნდა იქნეს პლენარულ სხდომაზე (სავარაუდოდ სექტემბერ - ოქტომბერი).
„თავისუფალი საქართველო" მზადაა კანონპროექტის განხილვის პროცესში, რომელიც არსებითად საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების უკანასკნელ შანსს წარმოადგენს, ითანამშრომლოს სამოქალაქო საზოგადოებასთან და რეალურ ოპოზიციურ სპექტრთან.
მასალის გამოყენების პირობები