სარკინიგზო მაგისტრალზე მოძრაობა სრულად აღდგენილია. მცხეთის მე-18 კილომეტრზე მატარებლების გადაადგილება უკვე ორივე ლიანდაგზეა შესაძლებელი.
როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, ავარიის გამო დაწესებული ორ-დღიანი შეზღუდვა დღეს დილით მოიხსნა.
„მოძრაობა ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა. დაზიანებული ლიანდაგის ფუნქციონირება დღეს დილიდან აღდგა", - განმარტავენ რკინიგზაში.
შეგახსენებთ, რომ დასავლეთ საქართველოს მიმართულებით სარკინიგზო მიმოსვლის პარალიზება 30 ივლისს მოხდა. ამის მიზეზი მცხეთის მე-18 კილომეტრზე მომხდარი ავარიაა, რომლის შდეგად 10-ზე მეტი ვაგონი ლიანდაგიდან გადავარდა და ამობრუნდა. ავარიის შედეგად, დიდი ოდენობით ნავთობი დაიღვარა. შემთხვევის ადგილზე სახანძრო, სამაშველო სამსახურების ბრიგადები და სამართალდამცველები მუშაობენ.