"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" ყურადღებით ადევნებს თვალს 26 მაისს დაკავებულთა საქმეებს. დიდი ინტერესის გათვალისწინებით, ქდმ პერიოდულად ინფორმაციას აწვდის დასავლელ პარტნიორებს და არ გამორიცხავს, სასამართლოს დამოუკიდებლობის დაბალმა ხარისხმა გავლენა მოახდინოს კონკრეტულ საქმეებზე.
პარტიის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ბევრ კითხვას აჩენს 28 ივლისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის გადაწყვეტილება, ადვოკატ რამინ პაპიძისთვის, 10 დღიანი პატიმრობის შეფარდების შესახებ:
"ადვოკატი, რომელიც 26 მაისს დაკავებულთა ინტერესებს იცავს, თავად აღმოჩნდა მსხვერპლი. მიგვაჩნია, რომ საზოგადოება დეტალურად უნდა იყოს ინფორმირებული ამ და ყველა იმ საკითხზე, რომელიც განსაკუთრებით მგრძნობიარეა და ადამიანების პოლიტიკურ აქტივობას და მათ უფლებადამცველებს ეხება" - ნათქვამია "ქრისტიან-დემოკრატების" განცხადებაში.
ქდმ "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან" ერთად კვლავ ინტერესით გააგრძელებს ამ პროცესის მონიტორინგს და მოუწოდებს ხელისუფლებას, საერთაშორისო ინტერესის გათვალისწინებით, გამოირიცხოს 26 მაისს დაკავებულთა საქმეებზე ზეწოლა, მათ უფლებადამცველებს კი მიეცეთ საშუალება სრულფასოვნად მოახერხონ თავიანთი კლიენტების დაცვა.