საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ავსტრიის მიერ მიხეილ გოლოვატოვის გათავისუფლებაზე შეშფოთებას გამოთქვამს. ამის შესახებ ნათქვამია კომიტეტის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.
„საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი გამოხატავს შეშფოთებას ავსტრიის ხელისუფალთა მიერ ყოფილი საბჭოთა უშიშროების სამსახურის (სუკის) პოლკოვნიკის მიხეილ გოლოვატოვის ამა წლის 14 ივლისს ვენის აეროპორტში მცირეხნიანი დაკავების შემდეგ გათავისუფლებასთან დაკავშირებით. მიხეილ გოლოვატოვი, ლიტვის მიერ იძებნება კაცობრობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებების და ვილნიუსში 1991 წელს სამოქალაქო პირების მკვლელობის ბრალდებით", - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, კომიტეტში განმარტავენ, რომ გოლოვატოვის მეთაურობით მოქმედი სუკ-ის დანაყოფი „ალფა", რომელმაც 1991 წელს ვილნიუსსა და რიგაში სამოქალაქო პირებს მკვლელობებში მთავარი როლი შეასრულა, მოქმედებდა საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობის მითითებით. იმავე საბჭოთა ხელისუფლების ბრძანებითვე 1989 წლის 9 აპრილს თბილისშიც, ასევე, მოკლულ იქნა ათობით მშვიდობიანი სამოქალაქო პირი. საბჭოთა ჯარების მიერ, საბჭოთა კავშირის სახელით ჩადენილი აღნიშნული დანაშაულებების ჩამდენები ჯერაც დაუსჯელნი რჩებიან.
„პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი იმედოვნებს, რომ ევროპის კავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები მიმართავენ ყველა საჭირო ზომას, რათა მსგავსი სამწუხარო ფაქტები მომავალში აღარ განმეორდეს", - აღნიშნულია განცხადებაში.