დღეს, 29 ივლისს 14:00 საათზე საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ექსპორტის ხელშეწყობის სამსახური აწყობს სამუშაო შეხვედრას ქართული ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ექსპორტთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად.
შეხვედრა გაიმართება "ექსპო ჯორჯია"-ს მე-6 პავილიონში. ექსპორტის ხელშეწყობის სამსახურის ხელმძღვანელი გვანცა მელაძე ქართულ კომპანიებს მიაწვდის ინფორმაციას იმ საერთაშორისო ღონისძიებებთან დაკავშირებით, სადაც მონაწილეობის მიღება შესაძლებელია ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს მხარდაჭერით.
უნდა აღინიშნოს, რომ ივლისში ექსპორტის ხელშეწყობის სამსახურის წარმომადგენლები უკვე იმყოფებოდნენ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში კერძოდ ურუმჩიში, სადაც გამართეს ქართული ღვინის დღეები და ჰონგ კონგში, სადაც აწარმოეს მოლაპრაკებები ჩინეთში ერთერთი ყველაზე სერიოზული რეპუტაციის მქონე მარკეტინგულ კომპანიასთან ადგილობრივი ბაზარზე შესვლის სტრატეგიაზე. დაისახა კონკრეტული ღონისძიებები, რომელთა შორის ყველაზე მასშტაბური იქნება საქართველოსთვის დღემდე უპრეცენდენტო სავაჭრო ღონისძიების მოწყობა ნოემბერში.
ქართული სასმელების გამოფენის და პირისპირ შეხვედრების ფორუმის (B2B) ფორმატი ითვალისწინებს 300-მდე მონაწილეს, რომელთა შორის იქნებიან ამ სექტორში მოღვაწე თრეიდერები, იმპორტიორები, საერთაშორისო მედია და ექსპერტები უმეტესწილად აზიის და არაბული ქვეყნებიდან. ღონისძიების გამორჩეული სტუმარი იქნება ცნობილი ღვინის ექსპერტი ლიზა პეროტი-ბრაუნი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ცნობილი, რობერტ პარკერის გამოცემის Wine Advocate -ისთვის წერს და მთლიანად აზიის რეგიონს ფარავს.